Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოცენტრის კონკურსის დამტკიცებული ჟიური კარლო სიხარულიძემ ახლით ჩაანაცვლა


კინორეჟისორი და პროდიუსერი სალომე ჯაში ავრცელებს ინფორმაციას კინოცენტრის საკონკურსო ჟიურის ახალი შემადგენლობის შესახებ, რომელიც კინოცენტრის ახალმა დირექტორმა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, კახა (კარლო) სიხარულიძემ დაამტკიცა.

სალომე ჯაშის ინფორმაციით, "პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასაფინანსებლად" გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეებს გასაუბრებაზე კომისიის შეცვლილი შემადგენლობა შეხვდათ. მათ შესახებ ინფორმაცია არც კულტურის სამინისტროს და არც კინოცენტრის ფეისბუქის გვერდზე განთავსებული ამ დრომდე არ არის. ვებსაიტი სამინისტროს დამოუკიდებლად არსებობის ერთი წლის შემდეგ ჯერაც არ აქვს.

ჟიურის შემადგენლობა, რომელიც კახა (კარლო) სიხარულიძემ დააკომპლექტა, ასეთია:

  • გოგა ხაინდრავა - რეჟისორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, შპს ლე ხაინდრაო პროდაქშენ-ის ერთ-ერთი მეწილე;
  • ბაჩო ოდიშარია - კინოკრიტიკოსი, Post TV-ის წამყვანი;
  • მერაბ კოკოჩაშვილი - რეჟისორი;
  • რუსუდან გლურჯიძე - რეჟისორი;
  • ირაკლი სამსონაძე - დრამატურგი და მწერალი;
  • გიორგი ცხვედიანი - რეჟისორი;
  • გიორგი მეგრელიშვილი - მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კინოცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა სადებიუტო ფილმებისთვის გამოცხადებულ კონკურსში დამტკიცებული ჟიური ახლით ჩაანაცვლა, ასევე ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა მწერალმა და რეჟისორმა, ბესო სოლომანაშვილმა. ის ახლა უკვე გაუქმებული ჟიურის თავმჯდომარეა. კინოცენტრის ხელმძღვანელის ბრძანებაზე საკონკურსო კომისიის შემადგენლობის ცვლილების შესახებ საუბარია კომისიის წევრებისადმი მიწერილ წერილში, რომელიც 15 აპრილით თარიღდება. მასში განმარტებული არ არის, რა გახდა ჟიურის იმ შემადგენლობის შეცვლის მიზეზი, რომელიც 2022 წლის 14 თებერვალს დაკომპლექტდა.

"14 თებერვალს კინოცენტრის დირექტორის ბრძანებით შეიქმნა და დამტკიცდა 2022-23 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსზე შემოტანილ პროექტთა განმხილველი საექსპერტო კომისიის წევრთა შემადგენლობა. კომისიას გადაეცა საკონკურსოდ შემოსული 15 განაცხადი, შესაბამისი დოკუმენტაციით და ვიზუალური მასალით. კომისიას მიეცა 45 დღიანი ვადა პროექტების შესაფასებლად (ყოველი პროექტისთვის 3 დღე) და 28, 29, 30 მარტს დაინიშნა გასაუბრების განრიგი, რის შესახებაც ასევე ეცნობათ კონკურსანტებსაც.

თუმცა, 18 მარტს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძის თანამდებობიდან გათავისუფლების და აღნიშნულ თანამდებობაზე 3 წლის ვადით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის კარლო (კახა) სიხარულიძის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ კი 23 მარტს კომისიის წევრებს ელ.ფოსტით ეცნობათ გასაუბრების გადავადების შესახებ და იქვე პირობა, რომ ახალი ვადების განსაზღვრისთანავე დამატებითი შეატყობინებდნენ კომისიის წევრებს.

6 აპრილს, კომისიის წევრებმა განცხადებით მიმართეს კინოცენტრის ახალ დირექტორს მიეწოდებინათ ინფორმაცია გასაუბრების ახალ ვადებთან დაკავშირებით, რაზეც 15 აპრილს კომისიას აცნობეს, რომ კინოცენტრის დირექტორის ბრძანებით, აღნიშნულ კონკურს ახალდანიშნული საექსპერტო კომისია განიხილავს და რომ ეს გადაწყვეტილება 28 მარტს იქნა მიღებული.

მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმურმა კომისიამ შეხვედრის თხოვნით მიმართა კინოცენტრის ახალ ხელმძღვანელობას, აღნიშნული თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამდენად, ჩვენთვის დღემდე პასუხგაუცემელია, თუ რამ განაპირობა ერთი კომისიის მეორე კომისიით ჩანაცვლება" - წერს ფეისბუქზე ბესო სოლომანაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ კინოცენტრი კანონდარღვევით მოქმედებს და ლახავს როგორც საექსპერტო კომისიის წევრების უფლებებს, ასევე მათ პროფესიულ რეპუტაციას და პიროვნულ ღირსებას.

ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელად კარლო (კახა) სიხარულიძე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მინისტრმა თეა წულუკიანმა ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე გაათავისუფლა ამ პოზიციიდან გაგა ჩხეიძე. რადიო თავისუფლების რამდენიმე წყაროს ცნობით, ბაჩო ოდიშარიას საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში ჩასმას გაგა ჩხეიძეს დირექტორის პოსტზე ყოფნისასაც სთავაზობდნენ სამინისტროდან. გათავისუფლების შემდეგ გაგა ჩხეიძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ცენზურის მცდელობებზე ისაუბრა, მოგვიანებით კი სამართლებრივი დავა დაიწყო სამინისტროს წინააღმდეგ. თავის მხრივ, სამინისტროს პროკურატურაში აქვს გადაგზავნილი კინოცენტრში ჩატარებული შიდა აუდიტის დასკვნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG