Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის თქმით, უკრაინელები წინააღმდეგობას განაგრძობენ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში

ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინელები წინააღმდეგობას განაგრძობენ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში, განაცხადა 22 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი სიტყვები უარყოფს რუსეთის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მან „გაათავისუფლა“ აზოვის ზღვაზე მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი თითქმის ორთვიანი ინტენსიური ცეცხლის შედეგად, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მასობრივი ნგრევა მოჰყვა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა „გაათავისუფლეს“ მარიუპოლი და რომ მან არ გასცა ბრძანება მეტალურგიული კომპლექსის, „აზოვსტალის“ შტურმისთვის, რომელსაც აფარებს თავს უკრაინის რამდენიმე ათასი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. ამის ნაცვლად პუტინმა განკარგულება გასცა, „აზოვსტალი“ ისე მჭიდროდ ჩაკეტონ, რომ „ბუზიც კი ვერ გამოფრინდეს“. მისი თქმით, „არ არის საჭირო“ რუსეთის ჯარისკაცების სიცოცხლის გარისკვა.

მაგრამ ზელენსკიმ თქვა, რომ ბრძოლა გრძელდება. „მათ შეუძლიათ მხოლოდ გაახანგრძლივონ ის, რაც გარდაუვალია - ის დრო, როცა ოკუპანტებს მოუწევთ, დატოვონ ჩვენი ტერიტორია, კერძოდ მარიუპოლი, ქალაქი, რომელიც რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობს მიუხედავად ყველაფრისა, რასაც ოკუპანტები ამბობენ.“

როგორც დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა 22 აპრილს, პუტინის გადაწყვეტილება, დაბლოკოს „აზოვსტალი“, სავარაუდოდ მიუთითებს სურვილზე, რომ წინააღმდეგობა მარიუპოლში იქნეს შეკავებული.

ბრიტანეთის სამხედროების თქმით, დონბასში გრძელდება ძლიერი საარტილერიო ცეცხლი და რუსეთი ცდილობს, წინ წაიწიოს აღმოსავლეთ უკრაინაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც განაცხადა, რომ საეჭვოა რუსეთის განცხადება მარიუპოლში გამარჯვების შესახებ.

XS
SM
MD
LG