Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის თქმით, არ ესმის საქართველოს ხელისუფლების, ელჩს დააბრუნებს, როცა უკრაინის მხარდაჭერას იგრძნობს


უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქართველები უკრაინელების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლობელი ხალხია, მაგრამ მას არ ესმის საქართველოს ლიდერთა პოზიცია.

ამის შესახებ მან დღეს განაცხადა კიევში, უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მე მიმაჩნია, რომ უკრაინის, უკრაინელი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლობელი ხალხია სწორედ ქართველი ხალხი. დაწყებული პირველი რევოლუციით, ჩვენ ისეთ დიდ მხარდაჭერას ვხედავდით,“ თქვა მან.

„ამჟამად ნამდვილად არ მესმის თქვენი სახელმწიფოს ლიდერთა პოზიცია,“ მიმართა მან პრესკონფერენციაზე ქართველ ჟურნალისტს. „არ მესმის და ამიტომ აღვიქვამ ამას ასე მტკივნეულად. და მიმაჩნია, რომ ეს იმად არ ღირს, რაზეც ისინი მიდიან.“

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არშემოღება არის „კაპიკები ორი სახელმწიფოს ისტორიაში“. ზელენსკის სიტყვებით, კილომეტრების მიუხედავად, საქართველო მას ბევრად უფრო ახლობელ ქვეყნად მიაჩნია, ვიდრე რუსეთი.

„მესმოდა მესიჯები, რომ ჩვენი ეკონომიკა უნდა დავიცვათო. რომელი ეკონომიკა? საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უკვე წაიღეს. თითქმის თბილისამდე მივიდნენ. რომელი ეკონომიკა? ყველაფერი ეს ამად არ ღირს, ასე მიმაჩნია,“ თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნების საკითხზე. „ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ელჩს მეგობრულ საქართველოში, როგორც კი ვიგრძნობთ თქვენი ხელისუფლების ლიდერების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მას მერე, რაც უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს მიუერთდეს დასავლეთის ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს, ვინაიდან, მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტ ზიანს მოუტანს საქართველოსა და მის ხალხს.

საქართველოს ხელისუფლების ამგვარ პოზიციას კრიტიკა მოჰყვა უკრაინის ხელმძღვანელობის მხრიდან. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან გაიხმო უკრაინის ელჩი.

XS
SM
MD
LG