Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება მაკრონსა და ლე პენს შორის


საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. ერთმანეთს უპირისპირდებიან მოქმედი პრეზიდენტი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და მემარჯვენე რადიკალი, მარინ ლე პენი. გამარჯვებული შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას. არჩევნებმა შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს ევროკავშირის მომავალზე და უკრაინაში მიმდინარე ომზე.

არჩევნებში მაკრონი ითვლება ფავორიტად. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ის სოლიდურად ლიდერობს. თუკი ის გაიმარჯვებს, ეს საფრანგეთში პრეზიდენტის ზედიზედ ორი ვადით გამარჯვების პირველი შემთხვევა იქნება უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.

მაგრამ, ანალიტიკოსების აზრით, მაკრონის გამარჯვება არ არის გარანტირებული და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8 საათზე გაიხსნა და ისინი 20 საათამდე იმუშავებს.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საფრანგეთის 48,7 მილიონ მოქალაქეს.

2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მაკრონმა ხმების 66% პროცენტი მოიპოვა, ლე პენმა - 34%.

ლე პენის გამარჯვება რყევებს გამოიწვევდა მთელი ევროპის მასშტაბით. გერმანიის, ესპანეთისა და პორტუგალიის ლიდერებმა ფრანგ ამომრჩევლებს საგაზეთო სტატიაში მოუწოდეს, მაკრონს მისცენ ხმა და არა ლე პენს, „პოპულისტსა და მემარჯვენე ექსტრემისტს“, რომლის „პოლიტიკური და იდეოლოგიური მოდელი“ ვლადიმირ პუტინია თავისი შოვინისტური იდეებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG