Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ზურაბიშვილი რუსეთის საჰაერო იერიშებზე: ასე ესმის რუსეთს აღდგომის სასწაული და მადლი


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. ფოტო არქივიდან
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. ფოტო არქივიდან

აი, ეს არის რუსეთის გაგება აღდგომის სასწაულისა და მადლის …. აღდგომა დღეს უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე გაისმა განგაშის ზარი - წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავის ფეისბუკგვერდზე და აზიარებს გამოცემა NEXTA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საჰაერო განგაშის სიგნალების უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გავრცელების შესახებ.

გამაფრთხილებელი სირენა ავია და სარაკეტო იერიშების მაუწყებელია.

კიევთან განცდილი პირველი სტრატეგიული მარცხის შემდეგ, ამ ეტაპზე რუსეთმა ბრძოლა წამოიწყო უკრაინის აღმოსავლეთში. რუსეთმა უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის წინადადებაზე, გამოცხადებულიყო დროებითი სააღდგომო ზავი და როგორც კიევი იუწყება, აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად, დამპყრობლები განაგრძობენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ცნობით, 24 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, რუსმა ოკუპანტებმა, დაბომბვის შედეგად, ოჩერეტინსკში 14 და 5 წლის გოგოების სიცოცხლე იმსხვერპლეს. მანამდე გავრცელდა ოფიციალური ცნობა, რომ უკრაინაში ომს უკვე შეეწირა 213 ბავშვის სიცოცხლე.

შაბათს, გვიან საღამოს, რუსეთის არმიამ რაკეტები დაუშინა ოდესას. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა და, სულ ცოტა, 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის სამი თვის ბავშვი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის სამიზნე სამხედრო ობიექტი იყო.

ასევე შაბათს ვრცელდებოდა ცნობები მასიური შეტევის შესახებ ქალაქ მარიუპოლში, მეტალურგიული კომბინატის, "აზოვსტალის" შენობაზე, რომელსაც ქალაქის მცველი უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი ადამიანები აფარებენ თავს. იერიში გაგრძელდა იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტმა პუტინმა, ორი დღის წინ, თითქოსდა შტურმის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG