Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი


2021 წლის 27 დეკემბერი. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის.
2021 წლის 27 დეკემბერი. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგი გამართა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვიილისს დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად.

ოპოზიციური პაარტიის თავმჯდომარემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

„ბოლო-ბოლო, ქალბატონ ზურაბიშვილსაც მივმართავ, ქალბატონო ზურაბიშვილო, ქალბატონო სალომე, პატივისცემით, მქონდა მე თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა ერთხელ, თქვენ იცით, მინიმუმ ძალიან კონტროვერსიალური ნაბიჯები გადადგით და შეიწყალეთ ადამიანები, მათ შორის პოლიციელების მკვლელები, რამაც ქარიშხლოვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში...

როდესაც თქვენ ჩვენ მსოფლიოსთან ერთად ვიცით, რომ კვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი განზრახ გადადგმული ნაბიჯებით როდესაც იმ მდგომარეობაში, რა მდგომაფრეობაში, რაშიც ის პირველივე დღეს ჩააგდეს. როდესაც აქ სადაც ჩვენ ახლა ვდგავართ და სხვა ციხეებთანაც უწყობდნენ აქციებს, ძალადობდნენ მასზე ფსიქოლოგიურად. ეს ყველაფერი ხომ ქალბატონო სალომე, თქვენ იცით.

თქვენ გაქვთ შანსი, რომ უზრუნველყოთ ქვეყნის სტაბილური ევროატლანტიკური და ევროპული მომავალი. ერთი ხელის მოსმით, ყველაზე იაფად შეფასებული და ღირებული კალმისტარით თქვენ შეგიძლიათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროთ", - მიმართა მელიამ პრეზიდენტს.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, არავის არ აქვს გარანტია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობა არ გამოიწვევს ინსულტს ან თრომბს.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე 20 აპრილის სასამართლო სხდომაზეც ისაუბრა. ის სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარებაც ითხოვა.

იმ დღეს, როცა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა სააკაშვილი ციხეში მოინახულეს, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყება უსაფუძვლოს უწოდებდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბარს.

14 მარტს სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებისას კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ აპირებს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებას.

„მე არ და ვერ შევალ, საიდანაც უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია. კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

XS
SM
MD
LG