Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი რეალურს უწოდებს ბირთვული ომის საფრთხეს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ანტალიაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 2022 წლის 10 მარტი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ანტალიაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 2022 წლის 10 მარტი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რეალურს უწოდებს ბირთვული ომის საფრთხეს. ამის შესახებ ლავროვმა 25 აპრილს, ღამით განაცხადა რუსეთის პირველი არხის პროგრამა „დიდი თამაშის“ ეთერში. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ბირთვული ომის არ დაშვება რუსეთის „პრინციპული პოზიციაა“.

„ეს არის ჩვენი ამოსავალი და რა თქმა უნდა, ძალიან არ მინდა, რომ ახლა, როცა რისკები საკმაოდ არსებითია, ეს რისკები ხელოვნურად იბერებოდეს, მსურველები კი, მრავლად არიან. საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია და მისი სათანადოდ ვერ-შეფასება შეუძლებელია“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთი კარგავს ბოლო იმედს დააშინოს მსოფლიო, რათა მან მხარი არ დაუჭიროს უკრაინას - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. მისი შეფასებით, სწორედ აქედან მოდის რუსეთის საუბრები მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხის შესახებ. „ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მოსკოვი გრძნობს უკრაინაში საკუთარ მარცხს“, - დაწერა კულებამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, სწორედ ამიტომ მსოფლიომ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად, რათა გაიმარჯვონ და უზრუნველყონ ევროპის და გლობალური უსაფრთხოება.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა საბრძოლო მზადყოფნის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა სტრატეგიული შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG