ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე ოფიციალურად დაასახელა ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა. ბრინკი სხვადასხვა დროს მუშაობდა ამერიკის საელჩოებში საქართველოსა და უზბეკეთში, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში.
ამჟამად ბრიჯიტ ბრინკი აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში. ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინაში ელჩად ბრინკის დანიშვნას აპირებდა, პირველად 2022 წლის იანვრის ბოლოს გავრცელდა.
ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგება მას შემდეგ, რაც მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს სენატი. 24 აპრილს, კიევში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის ხელისუფლებას აცნობა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახალ ელჩს უახლოეს ხანში წარადგენდა. ოფიციალური ინფორმაცია ბრინკის კანდიდატურის დასახელების შესახებ, თეთრმა სახლმა 25 აპრილს გაავრცელა.
აშშ-ს უკრაინაში ელჩი არ ჰყავს 2019 წლიდან, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიევიდან გაიწვია ელჩი მარი იოვანოვიჩი. თავად დიპლომატი მის გაწვევას უკავშირებდა უკრაინისადმი ტრამპის პოლიტიკის კრიტიკას. ამ დრომდე აშშ-ს კიევში ჰყავს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.
2018 წელს, ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ წერდა, რომ აშშ საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა, მთავრობამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რადგან ბრინკს მიიჩნევდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლამდე, ბრიჯიტ ბრინკი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილედ.