რუსეთის ჯარებმა დარტყმა მიაყენეს სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდს ოდესის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, დაზიანებულია ხიდი ზატოკის რაიონში. ის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაზიანების მასშტაბების შესახებ. ასევე არ მოიპოვება ცნობები დაშავებულთა შესახებ.
ხიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაა - ის ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილს აკავშირებს უკრაინის დანარჩენ ნაწილთან. ხიდის დანგრევის შემთხვევაში ერთადერთი სახმელეთო გზა მოლდოვის ტერიტორიის გავლით დარჩება.
რუსეთის ჯარებს ჯერ არ დაუდასტურებიათ ხიდზე იერიშის ფაქტი.
უკანასკნელ ხანებში სულ უფრო ხშირად აყენებენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს. გუშინ რუსეთის იერიშის შედეგად დაინგრა ელექტროქვესადგურები უკრაინის ხუთ სარკინიგზო სადგურზე, რის შედეგადაც დაირღვა მატარებლების მოძრაობის გრაფიკი.
ოდესის ოლქში ხიდზე თავდასხმა განხორციელდა მეზობელ დნესტრისპირეთში ვითარების გამწვავების ფონზე.