Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში საკვებს ვეღარ უგზავნიან


ეკა ხერხეულიძე, "ნაციონალური მოძრაობიდან" საქართველოს პარლამენტის წევრი.
ეკა ხერხეულიძე, "ნაციონალური მოძრაობიდან" საქართველოს პარლამენტის წევრი.

საქართველოს პარლამენტის წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ მათი პარტიის ლიდერს საკვების ამანათით შეგზავნა აეკრძალა. ხერხეულიძემ "მთავარი არხის" ეთერში თქვა, რომ ციხეში მიზეზად უსაფრთხოების საკითხი დაუსახელეს.

"მას კვების პრობლემა აქვს, ორგანიზმი აქვს დაუძლურებული ისე, რომ ნებისმიერი სახის საკვებს ის ვერ მიიღებს... როდესაც დღეს მოვიტანეთ საკვები, არ მიიღეს. მე ჩავთვალე, რომ ტექნიკური პრობლემა იყო. შიგნით რომ შევედი, აღმოჩნდა, ადმინისტრაციის გაცხადებული პოზიცია იყო, ნათქვამი ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ მას აეკრძალა საკვების ამანათის სახით შეგზავნა იმიტომ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ასე მიიჩნიეს საჭიროდ. რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაუკეტეს ყველა გზა, რომ მან საკვები მიიღოს.

ექიმმა არაჩვეულებრივად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში არსებული მაღაზიით არ სარგებლობს, არ ყიდულობს პროდუქტს და ერთადერთი გზა არის ამანათი, რომელზეც უარი ეთქვა", - თქვა ხერხეულიძემ.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლაზე "კლინიკების ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ვილი პაჭკორიამ რამდენიმე დღის წინ, 21 აპრილს ისაუბრა. ის ამბობდა, რომ სააკაშვილი "გაურკვეველი ტოქსიკებით" იყო მოწამლული და მიზეზი უნდა დადგენილიყო.

რადიო თავისუფლება ცდილობს პენტიენციურ სამსახურთან ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციას. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG