Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა უკრაინისათვის მძიმე შეიარაღების დაჩქარებულ მიწოდებას


გერმანიის ბუნდესტაგის სხდომა
გერმანიის ბუნდესტაგის სხდომა

ხუთშაბათს გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მთავრობას უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების გაფართოებისა და დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ევროპეისკა პრავდა" იუწყება, გერმანულ გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით.

მიღებული დოკუმენტი სახელწოდებით "მშვიდობისა და თავისუფლების დაცვა ევროპაში – უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა", ოპოზიციური CDU/CSU ბლოკისა და კოალიციური პარტიების ერთობლივ წინადადებას წარმოადგენს.

უკრაინისათვის მძიმე შეიარაღების გადაცემის შესახებ დოკუმენტს მხარი დაუჭირა 586-მა გერმანელმა დეპუტატმა, 100-მა თავი შეიკავა, 7 წინააღმდეგი იყო.

დეპუტატებმა ფედერალურ მთავრობას მოუწოდეს, "გააფართოონ და, თუ ეს შესაძლებელია, დააჩქარონ უკრაინისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება."

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მთავრობა აპირებს დაამტკიცოს უკრაინისათვის საზენიტო თვითმავალი დანადგარის, Gepard-ის მიწოდება, ამ ტიპის იარაღის მწარმოებლის (Krauss-Maffei Wegmann (KWM) საწყობიდან.
საუბარია ბუნდესვერის ყოფილ არსენალში არსებულ შეიარაღებაზე. კომპანია KMW ფლობს რამდენიმე ათეულ ასეთ დანადგარს. Gepard-ები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახმელეთო და საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ საბრძოლველად სხვა სახის სამხედრო ტექნიკასთან ურთიერთმოქმედებით.

რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინისთვის მძიმე სამხედრო ტექნიკის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ეს ნატო-ს კონფლიქტში ჩართვად მიიჩნიოს. ამ მიდგომამ გამოიწვია კრიტიკა ოპოზიციის და მმართველ კოალიციაში შემავალი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც უკრაინისთვის უფრო მტკიცე მხარდაჭერას ემხრობიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG