უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საჯარო მხარდაჭერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულაზიზ ქომილოვმა, თანამდებობა დატოვა.
უზბეკეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, შერზოდ ასადოვმა, 27 აპრილს განაცხადა, რომ ქომილოვმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა იმ მიზნით, რომ გადასულიყო სხვა სამუშაოზე - პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ. ასადოვის თანახმად, ვლადიმირ ნოროვი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. ნოროვი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრად 2006-დან 2010 წლამდე მსახურობდა.
ქომილოვი აღარ ჩანს მას შემდეგ, რაც 17 მარტს სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს განუცხადა, რომ უზბეკეთი არ აღიარებს პრორუსულ სეპარატისტულ ოლქებს უკრაინის დონბასის რეგიონში, რომლებიც "დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" სახელებითაა ცნობილი. მან ასევე უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული თავდასხმის "მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ" მოუწოდა რუსეთს, რომელიც უზბეკეთის მოკავშირედაა მიჩნეული.
"უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მოქმედებები და ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. უზბეკეთის რესპუბლიკა აღიარებს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვცნობთ ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკებს", - განაცხადა ქომილოვმა თავის გამოსვლაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას ისტორიული კავშირები აქვს ორივესთან, უკრაინასთანაც და რუსეთთანაც.
ქომილოვმა ასევე განაცხადა, რომ უზბეკეთის მთავრობა მუშაობს იმაზე, რათა თავიდან აიცილოს უზბეკეთის ეკონომიკაზე რუსეთისთვის უკრაინაში აგრესიის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციების ზემოქმედება.
ოთხი დღის შემდეგ, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და მისმა უზბეკმა კოლეგამ, შავკათ მირზოევმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ვითარება უკრაინაში და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უზბეკეთის პრეზიდენტმა გამოხატა თავისი "ხედვა რუსული მხარის პოზიციისა და ქმედების" შესახებ უკრაინაში.
29 მარტს უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქომილოვი საჯაროდ არ გამოჩენილა კვირაზე მეტი ხანია, რადგან ის ტაშკენტში მკურნალობდა "ქრონიკული დაავადების" გამო, სანამ შემდგომი მკურნალობისთვის უცხო ქვეყანაში გადაიყვანდნენ. სამინისტროს ქვეყანა არ დაუზუსტებია.