Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს: ნუ გამოცდით ჩვენს მოთმინებას


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთმა 28 აპრილს გააფრთხილა დასავლეთი, რომ მკაცრი სამხედრო პასუხი მოჰყვება რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ შემდგომ თავდასხმას და დაადანაშაულა შეერთებული შტატები და მისი მთავარი მოკავშირეები ევროპის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში, უკრაინის რუსეთზე თავდასხმისკენ ღია წაქეზებით - წერს სააგენტო Reuters-ი.

ბოლო დღეებში რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც, მისი სიტყვებით, არის უკრაინული ძალების რიგი თავდასხმები რუსულ რეგიონებზე, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება, და განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები მნიშვნელოვანი ესკალაციის საფრთხეს წარმოადგენს. უკრაინას პირდაპირ არ აუღია პასუხისმგებლობა, თუმცა განაცხადა, რომ ეს შემთხვევები წარმოადგენს საზღაურს. რუსეთი აღაშფოთა ნატოს წევრი ქვეყნის, ბრიტანეთის განცხადებამ, რომ კანონიერია რუსეთის ობიექტებზე უკრაინის თავდასხმა.

"დასავლეთში ისინი ღიად მოუწოდებენ კიევს, თავს დაესხან რუსეთს, მათ შორის ნატოს ქვეყნებიდან მიღებული იარაღის გამოყენებით", - განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ჟურნალისტებს მოსკოვში.

"არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების შემდგომ გამოცდას".

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ "თავისთავად ტენდენცია იარაღის მიწოდების, მათ შორის, მძიმე იარაღის, უკრაინისა და სხვა ქვეყნებისათვის, წარმოადგენს ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას და ახდენს არასტაბილურობის პროვოცირებას." რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ თუ მსგავსი თავდასხმები გაგრძელდება, მაშინ მოსკოვი სამიზნეში ამოიღებს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს უკრაინაში, მათ შორის იმ ცენტრებსაც, სადაც, სამინისტროს თქმით, დასავლელი მრჩევლები ეხმარებოდნენ კიევს.

"კიევმა და დასავლეთის დედაქალაქებმა სერიოზულად უნდა მიიღონ თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის შემდგომი წაქეზება რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმისკენ, აუცილებლად გამოიწვევს მკაცრ პასუხს რუსეთის მხრიდან", - განაცხადა ზახაროვამ. ზახაროვამ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, დასავლეთის მარიონეტი უწოდა, რომელსაც შეერთებული შტატები რუსეთის დასაშინებლად იყენებს.

ვაშინგტონმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა კიევს მიაწოდეს იარაღი, როგორიცაა დრონები, მძიმე არტილერია, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. შეერთებული შტატების ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის საერთო დახმარება უსაფრთხოების სფეროში, შეჭრის მომენტიდან, დაახლოებით 3,7 მილიარდ დოლარს შეადგენს, წერს Reurers-ი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, 24 თებერვლის შემდეგ, ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით ადამიანი ლტოლვილი გახდა და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, 1962 წლის კარიბის კრიზისის შემდეგ, ყველაზე სერიოზული დაპირისპირების შიში გაჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG