უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე" გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" გამოკვლევას, რომელიც ეხება „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესებს.
როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" აჩვენა, საქართველოს მთავრობამ რატომ თქვა უარი, განეხილა რუსეთზე რაიმე სანქციების დაწესება.
„რა თქმა უნდა, ადგილობრივი ოლიგარქის, ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო. დავით არახამია მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების ინიციატივით გამოდის. ყველა პრორუსი ოლიგარქი „დეოლიგარქიზაციას" დაექვემდებარება", - წერს მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე".
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" გამოკვლევაში მოყვანილია სამი გზა, რომლებითაც ივანიშვილი რუსეთში ბიზნესს ფლობს: ოფშორული კომპანიები, ნათესავები და წარმომადგენლები.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" აღმოაჩინა სამი ოფშორული კომპანია (Vanity Overseas Limited, Wellminstone S.A. და Wenigen Management Limited), რომელთა გამოყენებითაც ივანიშვილი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ბიზნესს რუსეთში.
გამოკვლევაში მოყვანილია სამი რუსული ოფშორული კომპანიის მაგალითი და ახსნილია, როგორ დაადგინეს, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან აქვს კავშირი.
პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან", ირაკლი ქადაგიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის გამოკვლევას მანიპულაციას უწოდებს. „ის რომ ვიღაცას რაღაცა ოფშორში რაღაცა წილი აქვს, არ ნიშნავს ეს, რომ ის რაღაცნაირად სანქციების რეჟიმის გვერდის ავლაშია და რაღაცა. მით უმეტეს, ეს ყველაფერი საერთოდ ომი სანამ დაიწყებოდა და რაიმე სანქცია გამოიცემოდა, მაშინდელი მონაცემებია. აქედან გამომდინარე, აქ ხდება ჩვეულებრივი მანიპულირება, ამ მანიპულაციებით უნდათ რამენაირად ქვეყანა დააზიანონ", - თქვა დეპუტატმა.
დაწერეთ კომენტარი