Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეში რუსმა სამხედროებმა ორი ბრიტანელი ტყვედ აიყვანეს

ომისგან ლტოლვილი ოჯახი ზაპოროჟიეში
ომისგან ლტოლვილი ოჯახი ზაპოროჟიეში

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში ჰუმანიტარული დახმარებით დაკავებული ორი ბრიტანელი მოხალისე ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანიები BBC და CNN უკრაინაში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის თანადამფუძნებელ დომინიკ ბირნზე დაყრდნობით იუწყებიან.

გატაცებულთა ვინაობა არ სახელდება. ბირნის თქმით, გუშინ ისინი რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი დასახლებიდან ორშვილიანი დედის ევაკუაციას ცდილობდნენ.

რუსმა სამხედროებმა მოხალისეები საგუშაგოსთან შეაჩერეს. ამის შემდეგ ბრიტანელებთან კავშირი გაქრა. ბირნის თქმით, ქალმა, რომელიც დახმარებას ელოდებოდა, მოხალისეებისგან ტელეფონით უცნაური შეტყობინება მიიღო, შემდეგ კი მის სახლში რუსი ჯარისკაცები შეიჭრნენ. სავარაუდოდ, მათ ჰკითხეს, იყვნენ თუ არა მოხალისეები "ბრიტანელი ჯაშუშები", - აღნიშნა ბირნმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები რუსეთის არმიას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სისასტიკესა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მას იერიშები მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე მიაქვს.

XS
SM
MD
LG