Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: პრემიერმა პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის თავიდან ასარიდებლად


აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 30 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამერიკისთვის მთავარია, რომ საქართველო არ იქნეს გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისგან თავის ასარიდებლადო. „მე ძალიან მოხარული ვიყავი, როდესაც პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის თავიდან ასარიდებლად. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ჩვენ ყურადღებით ვუწევთ მონიტორინგს. ეს ომის შეჩერების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა“, - თქვა ამერიკის ელჩმა და დასძინა - ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ვხედავთ, რომ სანქციები ეფექტიანია და ეს საუკეთესო გზაა პუტინის დასარწმუნებლად, რათა მან შეწყვიტოს ეს ომი, რომელიც მან დაიწყოო.

კელი დეგნანმა ასევე თქვა, რომ საქართველოში არავის სურს ომში ჩართვა. „არავის სურს, რომ საქართველო ამ ომის სამიზნე გახდეს, - თქვა მან, - არცერთ პოლიტიკურ ლიდერს, რომელთანაც მილაპარაკია, არცერთი პარტიის წარმომადგენელს არ უხსენებია საქართველოს ჩართვა ომში“.

ამერიკის ელჩის აზრით, საქართველოს ახლა ყველაზე მეტად ერთიანობა სჭირდება. „ჩემი აზრით, თავდასხმები ერთმანეთის წინააღმდეგ, ერთმანეთისათვის „მოღალატეების“ წოდება, „პრორუსების“ წოდება, „ომის პარტიის წოდება“ - ეს სწორედ ისაა, რაც საქართველოს ახლა არ სჭირდება“, - თქვა კელი დეგნანმა და დასძინა: - „ქართველების ჩხუბი ქართველებთან ხელს მხოლოდ რუსეთს აძლევს. იმედი მაქვს, რომ ქართველები გაამართლებენ თავიანთ დევიზს - "ძალა ერთობაშია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG