Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე კიევში ჩავიდა. გაერო მარიუპოლში ხალხის დახმარებას ცდილობს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი კიევში 2022 წლის 1 მაისს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი კიევში 2022 წლის 1 მაისს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი მოულოდნელ ვიზიტად ჩავიდა კიევში, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს.

„ჩვენ ჩამოვედით თქვენთან, რათა მადლობა გითხრათ თავისუფლებისთვის, თქვენი ბრძოლისთვის“, - განუცხადა პელოსიმ ზელენსკის. „თქვენი ბრძოლა ყველასთვისაა. ჩვენი ვალია, თქვენს გვერდით ვიყოთ, სანამ ბრძოლა არ დასრულდება“, - თქვა კიევში პელოსიმ.

პელოსის თქმით, აშშ-ის დელეგაციამ უკრაინელებს აცნობა, რომ "დამატებითი დახმარება აშშ-ის მხრიდან გზაშია".

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გასულ კვირაში ამერიკის კონგრესს მოსთხოვა, უკრაინისთვის დახმარების სახით, 33 მილიარდი დოლარის გამოყოფა.

ზელენსკიმ ტვიტერით დაწერა: "აშშ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში".

უკრაინის პრეზიდენტმა პელოსი დააჯილდოვა "თავადის ქალი ოლღას" მესამე ხარისხი ორდენით.

1 მაისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პეკინში იმყოფება, რათა ჩინეთის ხელისუფლებისგან მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, როგორც უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების ნაწილი.

„უკრაინა ცდილობს ამ ეტაპზე შეისწავლოს გარანტიების მიღების შესაძლებლობა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებისგან, მათ შორის ჩინეთის და სხვა დიდი სახელმწიფოებისგან“, - უთხრა კულებამ ჩინეთის მედიას.

გაერო ცდილობს უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა მოახერხოს. უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობს. გაეროს წარმომადგენელმა, სავიანო აბრეიმ ჟურნალისტებს ზაპოროჟიეში უთხრა, რომ მოლაპარაკება მარიუპოლიდან ხალხის გაყვანის გარშემო მიმდინარეობს მოსკოვსა და კიევში, მაგრამ „ძნელია წინსვლაზე ლაპარაკი ცვალებადი ოპერაციის სირთულის გამო“.

1 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მოქალაქეთა ორი ჯგუფი, სულ 45 ადამიანი, იქნა წინა დღით ევაკუირებული მეტალურგიული ქარხნის, "აზოვსტალის" ტერიტორიიდან და გაყვანილი სოფელ ბეზიმენოეში, რაც "ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შედეგად მოხდა".

გაერო მიიჩნევს, რომ ათასამდე სამოქალაქო პირი იმყოფება მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც ერთადერთი ადგილია ქალაქში, რომელსაც არ აკონტროლებენ რუსი სამხედროები.

ითვლება, რომ ქალაქში, რომელიც ინტენსიური ბრძოლის ველად იქცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის, 24 თებერვლის შემდეგ, ასი ათასამდე ადამიანია.

XS
SM
MD
LG