Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა შესაძლოა უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გამონაკლისი დაუშვას რუსული ნავთობის ემბარგოზე


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი გარემოცვა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი გარემოცვა

ევროკომისიას შეუძლია გაითვალისწინოს უნგრეთისა და სლოვაკეთის დამოკიდებულება რუსეთიდან ნედლეულის იმპორტზე და მათთვის გამონაკლისი გააკეთოს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ემბარგოსთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება ევროკავშირის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

როგორც მოსალოდნელია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის განხილვა მიმდინარე კვირაში დაიწყება ევროკავშირის ელჩების დონეზე. სავარაუდოა, რომ მასში იქნება ასევე წლის ბოლოსთვის რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების შესახებ წინადადებაც. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ზომა ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზულია იმათ შორის, რაც კი აქამდე დაუწესებია ევროკავშირს (განსხვავებით დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ისგან).

მედიის თანახმად, ბევრი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, რომლებიც თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდნენ ამ ზომას, ახლა მხარს უჭერენ მას. მაგრამ უნგრეთი კვლავაც წინააღმდეგია ამგვარი სანქციებისა. უნგრეთის წარმომადგენელმა კვირას განაცხადა, რომ ბუდაპეშტი მხარს არ დაუჭერს სანქციების გაფართოებას რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტის ხარჯზე, თუკი ისინი უნგრეთს შეეხება.

ვინაიდან სანქციების მისაღებად ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო, გაჩნდა აზრი, კომპრომისი გაკეთდეს უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის, ანდა მათ ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდი გამოუყონ.

ვარაუდობენ, რომ სანქციების ახალ პაკეტს ოთხშაბათს წარადგენენ.

XS
SM
MD
LG