Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე სააკაშვილზე: რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს ადამიანი... ჭამოს და დამთავრდება პრობლემები


ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე 
ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გამორიცხულია პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება ან სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გაშვება. მან პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრის დროს თქვა, რომ ვინც ამ საკითხს აყენებს, ქვეყნის ომში ჩათრევა უნდა.

"შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას, კეთილი ინებოს, მიიღოს ცილა და დამთავრდება ამით ყველაფერი... [ცილას] ვერ იღებს ან არ იღებს, რას ჰქვია? თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. არ აქვს ეს გამოცხადებული, შესაბამისად, ეს არ უნდა გამოვრიცხოთ... რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს ადამიანი, ამ დეტალებში მე ვერ შევალ. რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს, არ ჭამდე ხაჭოს? ამ დეტალებში შესვლა არ შემიძლია.

ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. პოლიტიკური განცხადება აქ ვერ გაკეთდება. მე მგონია, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ. ეს ხუმრობით, მაგრამ, სინამდვილეში, ეს შეიძლება იყოს წინასწარ განზრახული გეგმა, შეიძლება ზუსტად იმიტომ არ იღებდე ცილას, რომ ეს დიაგნოზი დაგისვან", - თქვა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი და საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე კოლეგის კომენტარს ამაზრზენს უწოდებს.

"ამ დიაგნოზის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მიშას არ აქვს მინიმალური პირობა ჯანმრთელობის რეაბილიტაცია მოხდეს. ანორექსია ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ იღებს საკვებს. სურვილი - საკვები მიიღოს განკურნებას ვერ მოიტანს... რა ამაზრზენია დასცინო ადამიანს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს საკუთარი თავის დამცირებაა. საკუთარი სტანდარტის ყველაზე დაბალი ხარისხია", - წერს დეკანოიძე "ფეისბუკზე".

ექიმების სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

XS
SM
MD
LG