უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ გამოაცხადა სახელი პირველი რუსი სამხედროსი, რომელიც ეჭვმიტანილია სამოქალაქო პირთა დახოცვაში კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩაში, კვირების განმავლობაში გაგრძელებული ოკუპაციის დროს. როგორც ვენედიქტოვამ 2 მაისს თქვა, ეჭვმიტანილი არის რუსეთის ეროვნული გვარდიის დანაყოფის მეთაური და მისი სახელია სერგეი კოლოტსეი.
ვენედიქტოვას თანახმად, ბუჩაში პროკურორებმა დაადგინეს, რომ კოლოტსეიმ "18 მარტს ბუჩაში მოკლა ოთხი შეუიარაღებელი კაცი". ვენედიქტოვა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ტექსტში ბრალდებას დეტალურად აღწერს და კოლოტსეის ფოტოს აქვეყნებს. გენერალური პროკურორის თქმით, ამ სამხედრომ აწამა სამოქალაქო პირი, ის აიძულა ეღიარებინა საბოტაჟში მონაწილეობა რუსეთის ძალების წინააღმდეგ და პროუკრაინულად განწყობილი სამოქალაქო პირი ჩაკეტა სარდაფში, სადაც მას მუშტებით, იარაღით და დანის ტარით სცემა. შემდეგ სამოქალაქო პირი წაიყვანეს დახვრეტის ადგილას, სადაც იარაღი მის ყურთან ახლოს ისროლეს, სიკვდილით დასჯის ინსცენირებისას.
ვენედიქტოვას თქმით, კოლოტსეის ოფიციალურად შეატყობინეს, რომ ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს. თუმცა გენერალური პროკურორი არ აკონკრეტებს, ოფიციალურად თუ იქნა წარდგენილი ბრალდებები.
გასულ კვირაში ვენედიქტოვამ 10 სამხედროს იდენტიფიცირება მოახდინა რუსეთის შეიარაღებული ძალების 64-ე ბრიგადიდან და თქვა, რომ ისინი ეჭვმიტანილები არიან "სისასტიკეში სამოქალაქო პირთა მიმართ და სხვა ომის დანაშაულებში".