Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცისარტყელა ნაჯახი - ვენეციის ბიენალეს გზამკვლევი


დაფნას გარდასახვა, ბიენალე, 2022 წელი
დაფნას გარდასახვა, ბიენალე, 2022 წელი

მხოლოდ ორი წელი, პლუს ერთ წელი სამედიცინო შესვენებისა და ბიენალე ისევ გაიხსნა. ომის გამო რუსეთი გამოფენებში მონაწილეობას აღარ იღებს, უკრაინა კი უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი.

ვენეციაში ტურისტები ჩამოვიდნენ, პავილიონები გაავსეს. თითქოსდა არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ რუსულს ახლა ნაკლებად გაიგონებთ. თან რუსული კონსერვატიული მსოფლმხედველობა აქ უცხოპლანეტელების შემოჭრას უფრო ჰგავს. ბიენალეს სიმბოლოდ შეიძლება ნაჯახი მივიჩნიოთ, რომლის ტარიც ცისარტყელას ფერებშია შეღებილი. ის შემოსასვლელში, მთავარი პავილიონის სვეტშია ჩარჭობილი და პატრიარქალური სამყარო აზანზარებს.

ბიენალეს მთავარი თემა არის ისტორიის გადახედვა ფემინისტური თვალსაწიერიდან. ის ყველაზე რევოლუციური მეთოდით განხორციელდა. პირველად მთავარ ექსპოზიციაში ქალი მხატვრები ჭარბობენ. კაცები, განსაკუთრებით ჰეტერონორმატიულები, უპრეცედენტო უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ობიექტი (რაფაელა ფოგელის ნამუშევარი) ასე გამოიყურება: 10 გასავათებული, თეთრი ჟირაფი ოქროს ჯაჭვებზე გამობმულ პლატფორმას მოათრევს, რომელზეც მამაკაცის გენიტალიების სამედიცინო მაკეტია წამომართული. გენიტალიები წყლულებითაა დაფარული. მაჩოს დომინაცია კაცობრიობას ყელში ამოუვიდა. ფალოკრატია ნაგავზეა გადასაგდები.

არ შეგეშინდეთ! ხელოვნებაში აქტივიზმი არ შეჭრილა. მთავარი ექსპოზიციის „სიზმრების რძის“ კურატორმა ჩეჩილია ალემანმა საგულდაგულოდ შეარჩია იმ მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც ქვეცნობიერის ამოხსნას ცდილობდნენ და არა პოლიტიკურ ბრძოლას. ნამუშევრები სიურრეალისტურია, ისინი ასახავს ფანტაზიის სიფაქიზეს ადამიანის სხეულის გარდაქმნასთან მიმართებით და ცნობიერების გაფართოებას. „სიზმრების რძე“ ლეონორა კარინგტონის გამონათქვამია. მისი ნახატები აღმოჩნდა დარბაზში, რომელსაც „ალქაჯების აკვანი“ ჰქვია. ის მოგვიწოდებს, სიურრეალიზმის ისტორიას სხვა თვალით შევხედოთ. კატალოგიდან ამოშლილია ცნობილი მამაკაცების სახელები, რომლებიც მოძრაობის სათავეში იყვნენ, მაგრამ ამას ექსპოზიცია არ დაუზიანებია. ნაკლებად ცნობილი ნახატები, უმეტესად კერძო კოლექციებიდან, ამტკიცებს, თუ რამდენად უსამართლოდ იყვნენ მარგინალიზებული დიდი მხატვარი ქალები. მე პირველივე ნახატთან გავქვავდი. „ალკოვა“ (1941) ლეონორ ფონი, მგრძნობიარე ონეურული ნამუშევარი, რომელიც სინეფილებს აღფრთოვანებას მოჰგვრის - მასზე ხომ მთვლემარე ანდროგინის სახით ნიკოს პაპატაკისია გამოსახული, ავტორი გრანდიოზული ფილმისა „უფსკრულები“.

მთავარი პავილიონის შუაში პაულ რეგუს მონუმენტული ნამუშევრებია (1935), რომელიც საბავშვო ზღაპრების სიშლეგეს იკვლევს. იქვე მირიამ კანის (დაიბადა 1949 წელს) დარბაზია. ის თვითიზოლაციის ეპოქის სექსუალურ და სოციალურ ტრავმებზე მოგვითხრობს. კიდევ ერთი პირველი კატეგორიის ვარსკვლავი ბელკის აიონი (1966-1999) კუბელი მხატვარი ქალია, მან კაცების საიდუმლო საზოგადოების „აბაკუას“ მისტიკური სამყარო ასახა. მათი რიტუალები ვუდიზმს გახსენებს.

2019 წლის ბიენალეზე ლიეტუვის პავილიონმა გაიმარჯვა და ამიტომ, მოგიწოდებთ, ლიეტუველი მხატვრების ნამუშევრები არ გამოტოვოთ: ეგლა ბუდვიტიტეს, მარია ოლშაისკაიტესა და იულია სტეპონაიტიტესი, რომლებმაც დიუნებში ცეკვაზე ფილმი გადაიღეს.

ჩემი ახლანდელი ფავორიტი დანიის პავილიონია. უფე იზოლოტომ ის თავლად გადააქცია. კენტავრების ოჯახში დრამა თამაშდება. ერთ განყოფილებაში ქალი კენტავრი წევს, როგორც ჩანს, ნაყოფი მოშორდა. მეორე მხარეს ქმარმა დარდისგან თავი ჩამოიხრჩო და ჭერში ქანაობს. ბოლო გალიაში ლორია ჩამოკიდებული. დამთვალიერებლები იღებენ ბროშურებს, რომლებშიც ეს სევდიანი ამბავი უნდა იყოს მოთხრობილი. მაგრამ აქ სიურრეალისტური ოინია: ტექსტში თავლაზე არაფერია ნახსენები, სანაცვლოდ დაწვრილებით არის აღწერილი სითხეში არსებული გაუგებარი გეომეტრიული ფორმების თავგადასავალი. შესაძლოა ეს კენტავრების ისტორიის გაგრძელებაა, შესაძლოა - არც კი. გამოფენის სახელწოდებაა „ჩვენ დარბაზში გავიარეთ“, ამბის კი - „ახლა წყალი ვართ“.

არაჩვეულებრივი ლატვიური პავილიონი ქალების დუეტის სკუია-ბრეიდენის კერამიკას წარმოადგენს. აქ შეიძლება თასზე პუტინის პორტრეტი აღმოაჩინოთ, თასიდან კი პაწაწინა თავის ქალები ცვივა.

აქვეა ჭაღი მამაკაცის დამჭკნარი გენიტალიებით. ოვალური სარკე, დამჭკნარი ფოთლების ჩარჩოთი და მიწის ჭიებით, შეშლილი სააღდგომო კვერცხების ნაკრები, ლარნაკი, რომელზეც ლესბოსური სიყვარულის სცენაა გამოსახული. შეყვარებულები გაბერილ ლეიბზე ზვიგენებით არიან გარშემორტყმული. ინგუნა სკუია და მისი მეგობარი მელისა ბრეიდენი ფანტაზიის იმავე ველზე მუშაობენ, რომელზეც ჩეხი გენიოსი იან შვანკმაიერი.

მალტის პავილიონი კონცეპტუალიზმის მწვერვალს აჩვენებს. მისმა შემქმნელებმა გადაწყვიტეს, კარავაჯოს ნახატი „იოანე ნათლისმცემელის თავის კვეთა“ სხვაგვარად გაიაზრონ. დამთვალიერებლებს წერილებით დაფარული ფოლადის ფილა ხვდებათ, რომელიც კარავაჯოს ტილოს მასშტაბებს იმეორებს და 16 ტონას იწონის. გისოსებს იქით წყლით სავსე შვიდი აუზია, ისინი ნახატზე გამოსახული შვიდი ფიგურის სიმბოლოს წარმოადგენს: იოანე ნათლისმცემელის, ჯალათის, სალომესი, მისი მსახურის, მეციხოვნის და ორი პატიმრის. მექანიზმი ლითონის მავთულს ადნობს და გავარვარებული ლითონი ბრაიან სკემბრის მშვიდი მუსიკის თანხლებით აუზში წვეთავს. პავილიონი წვდიადშია ჩაძირული, რომელსაც თხევადი ლითონის წვეთები ანათებს. აპოკალიპტური სანახაობაა!

იტალიურ პავილიონთან რიგი დგას. იქ სათითაოდ უშვებენ და აიძულებენ silenzio დაიცვან. „ღამის ისტორია და კომეტების ბედი“ - ასე ჰქვია მას სახელად და დამთვალიერებელს მიტოვებულ შენობებში სამოგზაუროდ ეპატიჟება, მათ შორის არის ცარიელი ქარხანა და მიტოვებული საძინებელი, ჭრიალა კარით. აქ დეინდუსტრიალიზებული იტალიის მონატრებაცაა და ქარაგმაც ლოკდაუნის შეზღუდვებზე.

ბრაზილიის პავილიონში უზარმაზარი ყურის გავლით შედიხარ. ცენტრალურ დარბაზში კი ბაგეებია, რომლებიც ჭერშია განთავსებული და გიგანტურ წითელ ბუშტს (გულს) ბერავს. პავილიონს ასევე ჰქვია - „როდესაც გული ამოვარდნაზეა“. მისმა შემქმნელმა ჟონათას დე ანდრადემ პორტუგალიური მეტაფორები შეკრიბა და წარმოაჩინა.

კორეულ პავილიონში შეხედვაც ღირს, რომ ნახოთ, როგორ მოძრაობენ კინეტიკური სკულპტურები. გველი საკუთარ თავს ჭამს, უცხო პლანეტის ყვავილები იჩხვლიტებიან... სკულპტორი იუნ ჩულ კიმი ამბობს, რომ თავისი ნამუშევარი სიზმარში ნახა, ის ასევე ხელმძღვანელობდა იეიტსის ლექსით „მეორედ მოსვლა“.

ვენეციის პავილიონში დაფნა დაფნის ბუჩქად იქცევა, ეს უჩინარი აპოლონის ახირებაა. ახლად გაღვიძებული გოგოს ფეხები უკვე მიწაში ეფლობა. გარდაქმნა დაწყებულია. ეგვიპტურ პავილიონში მარადქალურობის სიმბოლოდ ჭერში ჩამოკიდებული ვარდისფერი, ცურის ფორმის ბუშტებია გამოტანილი. ეს ერთდროულად საშვილოსნოცაა და ძუძუც. მათზე პროექტორის მეშვეობით ბუნდოვანი კადრები იცვლება.

როგორც წესი, ბიენალეს სხვა გამოფენებიც ახლავს. ზოგი მათგანი გრანდიოზულია, ზოგი კი - შედარებით მცირე. ბევრმა საგამოფენო დარბაზმა ბიენალესთან დაკავშირებით საკუთარი გამოფენებიც განაახლა, რომლების მონახულება დამთვალიერებლებს ასევე შეუძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG