Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოდოლიაკი: ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია


უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ილაპარაკა საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებზე და უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და არა ხალხის პოზიცია აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც აქვთ ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს“, - თქვა მან.

მიხაილო პოდოლიაკმა უპასუხა შეკითხვას უკრაინის დაზვერვის ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმად, მოსკოვი ცდილობს სხვა ქვეყნების საშუალებით შეამციროს სანქციების გავლენა და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ.

„რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რუსეთის მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი-რუსეთი, საქართველო-რუსეთი თუ სომხეთი-რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს. ჩვენ გვესმის, რომ იქნება სანქციებზე გვერდის ავლის გარკვეული მცდელობები. და თუ ეს მოხდება, რადგან ერთია ჩვენი ვარაუდი, რომ მოლაპარაკებები მიდის და მეორე - უკვე კონკრეტული კომპანიების სახელები, მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც კი მივიღებთ კომპანიების კონკრეტულ სახელებს, გვაქვს სანქციების კომისია, რომელიც აფასებს და აანალიზებს ყველაფერს, რაც ხდება სანქციების მიმართულებით. და, რა თქმა უნდა, ამ კომპანიების სახელები გამოქვეყნდება. ეს ისე შეიძლება იყოს მოწყობილი, რომ ამ ფანჯრით ფული მიიღოს არა პირდაპირ რუსეთმა, არამედ ქართული ან ნებისმიერი შუამავლის მეშვეობით", - თქვა პოდოლიაკმა.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, საქართველოს მთავრობა ამას უარყოფს, აპირებთ მტკიცებულებების წარდგენას? მიხაილო პოდოლიაკი პასუხობს: „ჩვენ გვესმის, ეს საერთაშორისო პოლიტიკაა და აქ საქმე ბევრად უფრო ფაქიზადაა. ერთია ზოგადი განცხადება და მეორეა იურიდიულად დამტკიცებული პრეტენზიები. როდესაც გავიგებთ, რომ სანქციებზე გვერდის ასავლელად, საქართველოსა და რუსეთს შორის საქმე უკვე საუბრიდან კონკრეტულ იურიდიულ ჩრდილოვან ურთიერთობებში გადადის, მაშინ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ თუ გვექნება დოკუმენტების პაკეტი იურიდიული დადასტურებებით, რომ რუსეთ-საქართველო შორის ასეთი გვერდის ავლის მანევრები ხორციელდება“.

მიხაილო პოდოლიაკმა, აგრეთვე, ილაპარაკა ქართველი ხალხისა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

„ქართველი ხალხისგან, დიახ, ვგრძნობთ ნამდვილად მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია. ძალიან ამაყი და ძლიერი ხალხია. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება, ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია. თუმცა ოლიგარქები ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც რეალურად აქვს ხალხს. მე ქართველები ძალიან მომწონს, სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა, გაიხსენონ, რომ ძალიან ძლიერი და ამაყი ადამიანები არიან“, - ამბობს პოდოლიაკი („ამერიკის ხმის" თარგმანი).

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობებსა და გზების ძიებაზე. უწყების ცნობით, მოსკოვი ცდილობს სხვა ქვეყნების საშუალებით შეამციროს სანქციების გავლენა და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "სამწუხაროს" უწოდებს უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებას და მიიჩნევს, რომ ომის დროს მნიშვნელოვანია ინსტიტუტებმა სერიოზულობა არ დაკარგონ.

2 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი გამოიძახეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გაუგებარი უწოდა უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების გავლენის შესამცირებლად, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ. ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის განმარტებებს მოითხოვს.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი შესაძლოა, საქართველოს იყენებდეს სანქციების გვერდის ასავლელად, პირველი არ არის. უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა.

მაშინ დაზვერვა საუბრობდა იმაზე, რომ რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.

„საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის“, - ამტკიცებდა უკრაინის დაზვერვა აპრილის თვეში. საქართველოს მთავრობამ და ოფიციალურმა უწყებებმა მაშინ ეს ინფორმაცია უარყვეს და "ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებად" შეაფასეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG