Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოიგუ "კანონიერ სამიზნედ" აცხადებს უკრაინაში ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს


რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ავტომატ "კალაშნიკოვით" სამხედრო-ტექნიკურ გამოფენაზე. მოსკოვი, 2021 წლის 25 აგვისტო
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ავტომატ "კალაშნიკოვით" სამხედრო-ტექნიკურ გამოფენაზე. მოსკოვი, 2021 წლის 25 აგვისტო

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ განადგურებით ემუქრება ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი იარაღი და ამუნიცია გადააქვთ.

როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები წერენ, დღეს, 4 მაისს თავდაცვის სამინისტროს „სელექტორულ თათბირზე“ შოიგუმ თქვა, რომ „აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის იარაღით გაბერვას“.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ალიანსის ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ჩადის ამ ქვეყნის არმიისთვის განკუთვნილი შეიარაღებით ან მატერიალური საშუალებებით, „კანონიერ სამიზნედ“ განიხილება.

ნატოს სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ბოლო ხანს მნიშვნელოვნად გააძლიერეს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარება.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG