Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ „რუსთავი 2"-ს ნოდარ მელაძისთვის კომპენსაციის სახით 80 000 ლარის გადახდა დააკისრა


ნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე

„TV პირველის" მთავარი პროდიუსერის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, „რუსთავის 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა!

„ორწლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება მოხდა გამოგონილი მიზეზით, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია!!! ახლა მოვემზადეოთ ახალი სერიისთვის!!!" - წერს „ფეისბუკის" პირად გვერდზე ნოდარ მელაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა თეო ზაქარაშვილმა, რომელიც იცავს ნოდარ მელაძის ინტერესებს, რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ სასამართლომ „რუსთავი 2"-ს დააკისრა ნოდარ მელაძისთვის 80 000 ლარის გადახდა. როგორც ზაქარაშვილი აღნიშნავს, სამაუწყებლო კომპანიამ დაარღვია შრომის სამართლებრივი ურთიერთობა. იმის გამო, რომ ამჟამად ვაკანტური არ არის პოზიცია, რომელიც ნოდარ მელაძეს ეკავა ტელეკომპანიაში, სასამართლომ კომპენსაციის სახით „რუსთავი 2"-ს დააკისრა 80 000 ლარის გადახდა.

მელაძის საქმის შესახებ რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს პაატა სალიას. მან წერილობით გვიპასუხა: „ჯერ ვერაფერს გეტყვით, სანამ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არ გავეცნობით. დიდი ალბათობით, გამოვიყენებთ საპროცესო უფლებას და გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას".

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე არხის სხვა წამყვანებთან ერთად, ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით, 2019 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.

ნოდარ მელაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურიდიული მხარდაჭერით, საკუთარი შრომითი უფლებებისთვის დავა დაიწყო.

2019 წელს, „რუსთავი 2“-ის მფლობელთან დაკავშირებული რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG