Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე


თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ის წერს, რომ ბოლო დღეებში მის მიმართ „აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო" გულნატკენი და შეურაცხყოფილია.

„ბოლო დღეებში ჟურნალისტები ინტერესდებიან (მიმაჩნია, რომ ზედმეტად) იმით, ვაპირებ თუ არა გადადგომას და სამსახურიდან წასვლას და თუ კი - რა მიზეზით. ინსინუაციების და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად მინდა განვმარტო შემდეგი:

მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით - ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ).

კერძოდ, მაგალითად ცდილობენ დამაბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი COVID-ის მართვისთვის გამყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში???!!! მაშინ, როდესაც მთელი პანდემიის მანძილზე ჩემი შემოსავალი არცერთი მხრიდან 1 ლარითაც კი არ გაზრდილა. უფრო მეტიც - იმ დანამატსაც კი არ ვიღებდი, რომელიც COVID ავადმყოფებთან მუშაობისთვის მეკუთვნოდა (რათა სხვებს არ დაკლებოდა), მხოლოდ დატვირთვა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე გაიზარდა და თან ძალიან სერიოზულად. და საერთოდ, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მე ჩემი ხანგრძლივი საექიმო საქმიანობის მანძილზე არცერთი ავადმყოფისგან არასდროს კანონიერი ჰონორარიც კი არ ამიღია", - წერს თენგიზ ცერცვაძე.

საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი COVID-პაციენტების მკურნალობის საკითხს განმარტავს:

„ცდილობენ დაგვაბრალონ, რომ საქართველოში COVID ავადმყოფების მართვა ძალიან ცუდად ხდებოდა???!!! ვმანიპულირებდით ავადმყოფების და საწოლების რაოდენობით?! რომ განგებ ვხოცავდით კლინიკებში COVID ავადმყოფებს???!!! და ასე განსაჯეთ ჯანმრთელ ადამიანებსაც კი???!!! და ყველაფერ ამით დიდ ფულს ვაკეთებდით???!!! და ვანგრევდით ქვეყნის ეკონომიკას???!!! და რომ ყველაფერი ამისთვის სამაგალითოდ და უმკაცრესად უნდა დავისაჯოთ???!!!

სინამდვილეში საქართველოში COVID ავადმყოფების ნაკადების მართვა და უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არის მსოფლიოში პანდემიის ყველა ეტაპზე. კერძოდ, ევროპის და ამერიკის ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოში (2020 წლის ბოლოს 2-3 კვირიანი მონაკვეთის გამოკლებით) არცერთი COVID ავადმყოფი არ დარჩენილა ექიმის და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე და თან უმაღლესი სტანდარტების მკურნალობით. საკმარისია ითქვას, რომ კლინიკური მართვის ხარისხის მთავარი მაჩვენებელი - ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (case fatality rate) საქართველოს უფრო დაბალი აქვს და შესაბამისად გადარჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე მსოფლიოს 111 ქვეყანას, ხოლო ქვეყნის კლინიკებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების გარდაცვალების საშუალო პროცენტი უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკის და ევროპის ჩვენზე ბევრად ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ბევრ კლინიკაში. აღარაფერს ვამბობ ბინაზე COVID გარდაცვალების შემთხვევებზე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში".

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, საქართველოში ხშირად მოქმედებს პრინციპი: „დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“, მაგრამ ამჟამად, მისი განცხადებით, უსამართლო დამოკიდებულება იმდენად ზღვარგადასულია, რომ თავის გაკონტროლება უჭირს.

„რუსთავი 2"-თან საუბარში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოეხმაურა თენგიზ ცერცვაძის შესაძლო გადადგომის შესახებ ცნობას. „გავიგე ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს. დღის განმავლობაში შევხვდებით, რამდენიმე დღეა არ გვისაუბრია. შემდეგ შემეძლება გიპასუხოთ", - თქვა აზარაშვილი.

რამდენიმე დღის წინ კი ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ მკურნალობის პროცესში "პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდება და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა".

"2 წლის განმავლობაში, მობილიზებული საწოლებიდან, მინიმუმ, 40%-ში [სახელმწიფო] ცარიელ საწოლებში იხდიდა. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო საკმარისი, როდესაც შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივ ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს", - თქვა მინისტრმა.

გუშინ, 3 მაისს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ. მან ამ გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას დაუკავშირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG