Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იკრძალება სილამაზე: თურქმენეთი ქალის გარეგნობასა და გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს


აშხაბადი - თურქმენეთში ქალებს აუკრძალეს: მოტმასნილი ტანსაცმლის ტარება, თმის შეღებვა, ასევე ისეთი აქსესუარების გამოყენება, როგორიცაა ხელოვნული წამწამები და ფრჩხილები.

ამ ახალი აკრძალვის - რომელიც თალიბანის სტილშია გადაწყვეტილი - ფარგლებში, თურქმენეთის პოლიტიკა ასევე კრძალავს, მანქანაში ჩაისვან ქალი, რომელიც მათი ნათესავია არაა. ქალებს ასევე ეკრძალებათ მძღოლის გვერდით დასხდომა.

ქალებისთვის დამატებითი აკრძალვებია ესთეტიკური ქირურგიის კუთხით, მაგალითად, მკერდის და ტუჩების გადიდება ან წარბების მიკრობლეიდინგი, რაც თურქმენეთის გოგოებში ძალიან პოპულარულია.

წინა კვირას ათობით ქალმა დაკარგა სამსახური იმის გამო, რომ მათ გაკეთებული აქვთ მკერდის ინპლანტი ან ტუჩები აქვთ გადიდებული.

არაფორმალური შეზღუდვები ცენტრალური აზიის მკაცრად კონტროლირებად ქვეყანაში ძალაში ამ თვეში შევიდა, მას შემდეგ, რაც ახალმა პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა არჩევნების შემდეგ საკუთარი მამა შეცვალა.

უამრავმა ადამიანმა იხილა, თუ როგორ აწყობდნენ უპრეცედენტო რეიდებს აშხაბადისა და სხვა ქალაქების საჯარო ადგილებსა და ოფისებში. პოლიცია ამოწმებდა, ატარებდნენ თუ არა ქალები ხელოვნულ წამწამებს ან ფრჩხილებს, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებებში მიჰყავდათ.

აშხაბადის მკვიდრი ამბობს, რომ ქალს უთხრეს, სამშვენისები მოეხსნა და 140 დოლარის ჯარიმა გადაეხადა, რაც თურქმენეთში ხელფასის ნახევარია.

სამართალდამცავები ასევე აჩერებდნენ ქალებს ქუჩებსა და ტრანსპორტში და ამოწმებდნენ, ტუჩები კოსმეტიკური ჩარევის შედეგად თუ ჰქონდათ შეცვლილი. „პოლიციელებმა ქალებს მოსთხოვეს, პირბადეები მოეხსნათ, რომ შეემოწმებინათ, ტუჩები თუ ჰქონდათ გადიდებული“.

ასევე მამაკაცებს აეკრძალათ, პირადი ავტომობილით მგზავრობისას უცხო ქალს მანქანით გადაყვანა შესთავაზონ.

ბალკანის ვილაიეთში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ქალებს მძღოლის გვერდით დასხდომა აეკრძალათ, როგორც ტაქსიში, ასევე საკუთარ მანქანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლს 2 000 დოლარის გადახდა მოუწევს, თუნდაც ეს ქალი მისი ოჯახის წევრი იყოს. საღამოს 8 საათის შემდეგ კი მძღოლს უფლება არა აქვს, ქალი მანქანაში ჩაისვას, ვინც არ უნდა იყოს ის.

თურქმენეთში ქალებს, მცირე გამონაკლისის გარდა, აკრძალული აქვთ მანქანის ტარება, თუმცა ხელისუფლებას საჯაროდ ეს აკრძალვა არასდროს გამოუცია. სანაცვლოდ, ხელისუფლება სხვა მეთოდებს მიმართავს - ხშირად საგანგებოდ ართულებენ მართვის მოწმობის აღების პროცედურას ქალებისთვის.

არანაირი განცხადება

არავის აუხსნია, რას ემსახურება ბოლო პერიოდის რეგულაციები. დასაქმებულები ამბობენ, რომ ოფიციალური პირები და კომპანიის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ, რათა ქალების ჩაცმასა და გარეგნობასთან დაკავშირებული ახალი წესები განეხილათ, მაგრამ ამ ყველაფრის ახსნაზე მათ უარი განუცხადეს, ამასთან, ერთი ქაღალდიც კი არ წარმოუდგენიათ, რომელიც იმ მიზეზებს განმარტავდა, რის გამოც ეს აკრძალვები დაწესდა.

ქვეყანაში, სადაც მუსლიმები უმრავლესობაში არიან, ხელისუფლებამ უკვე წაახალისა ქალები, ტრადიციული სამოსი ატარონ. ტრადიციული სამოსი გულისხმობს კოჭებამდე კაბას, გრძელი სახელოებით და ნაქარგობით, ხშირად ფერადს. გოგონებისთვის ტრადიციული თავსაბურავი, მოქარგული, ფერადი ქუდია. ქალები კი უფრო თავსაფარს ატარებენ.

ტრადიციულ სამოსს ქალები იყენებენ როგორც უნიფორმას, სამსახურში ან ოფიციალურ შეხვედრებსა და საჯარო ღონისძიებებზე.

ზოგიერთს დასავლური სტილის ტანსაცმელი აცვია. თურქმენ ქალებში მიღებული არ არის ისეთი ტანსაცმელი, როგორიცაა: შორტები, უსახელო კაბები, კოფთები დეკოლტეთი და ა.შ.

ახალი აკრძალვა ეხება მოტკეცილ ჯინსებსაც და ზოგადად მოტკეცილ ტანსაცმელს. ქალბატონი ქალაქ მარიდა ამბობს, რომ 27 აპრილს პოლიციამ ქუჩაში ჯინსებში გამოწყობილი ქალი დააკავა.

„პოლიციამ ფოტო გადაუღო, ანგარიში დაწერა და ქალი აიძულა, ჯარიმა გადაეხადა“.

პოლიციელი ამოწმებს ქალებს, აშხაბადი, 2022
პოლიციელი ამოწმებს ქალებს, აშხაბადი, 2022

იმ ქალებს, რომლებიც საჯარო სამსახურებში მუშაობენ, ებრძანათ, ახალ წესებს არა მხოლოდ სამუშაო ადგილას, არამედ სხვაგანაც დაემორჩილონ. მათ ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომ არ ჩაიცვამენ მოტმასნილ ტანსაცმელს, არ გამოიყენებენ ბოტოქსს, ხელოვნულ ფრჩხილებს და წამწამებს და ა.შ. „წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურს დავტოვებ“, - ამბობს ანონიმური წყარო. ვინც ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, უკვე დაითხოვეს. ამას უამრავი მოწმე ადასტურებს.

„სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლები ყოველდღიურად ამოწმებენ ქალ დასაქმებულებს, და თუ რამე „წესრიგში“ არა აქვთ, „შეცდომის გამოსასწორებლად“ სახლებში აგზავნიან, - ამბობს აშხაბადის მკვიდრი, - გარდა ამისა, ინსპექტორი ოფისში შესაძლოა ნებისმიერ დროს მოვიდეს დამატებითი შემოწმებისთვის“.

რადიო თავისუფლება ადგილობრივ ხელისუფლებას კომენტარისთვის დაუკავშირდა, მაგრამ მათ კითხვებზე პასუხი არ გაუციათ.

სახალხო პროტესტი თურქმენეთში იშვიათი ხილია, რადგან ოპონენტი შესაძლია ციხეში აღმოჩნდეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაგრამ ზოგი აქტივისტი მიიჩნევს, რომ ბოლო შეზღუდვები უკანასკნელი წვეთი იქნება მოთმინების ფიალაში. თურქმენები ათეული წელია იტანჯებიან იმით, რომ მათი უფლებები ირღვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG