Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ და შტაინმაიერმა სატელეფონო საუბარში განმუხტეს მხარეებს შორის დაძაბულობა


ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. 2019 წლის ფოტო.
ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. 2019 წლის ფოტო.

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს და განმუხტეს მათ შორის დაძაბულობა. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა პრეზიდენტის ოფისმა.

აპრილის შუა რიცხვებში შტაინმაიერი პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის სახელმწიფო მეთაურებთან ერთად გეგმავდა კიევში ჩასვლას, მაგრამ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე მას უკრაინიდან შეატყობინეს, რომ მისი ჩასვლა არ არის სასურველი.

უკრაინის ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შტაინმაიერის კრიტიკის ფონზე. მას ბრალად სდებდნენ წარსულში რუსეთთან ახლო ურთიერთობებს და იმას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას მან ყური არ ათხოვა აღმოსავლეთ ევროპელ მეზობლებს რუსეთის აგრესიის საფრთხის თაობაზე.

ზელენსკისთან საუბარში შტაინმაიერმა გამოუხატა „სოლიდარობა, პატივისცემა და მხარდაჭერა უკრაინის მამაც ხალხს რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - იტყობინება გერმანიის პრეზიდენტის ოფისი.

ცნობაში ნათქვამია, რომ შტაინმაიერიც და კანცლერი ოლაფ შოლციც დაპატიჟებული არიან კიევში.

შოლცი, რომელსაც ზელენსკიმ ბრალი დასდო, რომ ის საკმარისს არ აკეთებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დასახმარებლად, რამდენჯერმე უკუაგდო კიევის მიწვევა და განაცხადა, რომ ამის მიზეზია უკრაინის უარი, მიეღო შტაინმაიერი.

ამის შემდეგ კიევში სტუმრობდა ოპოზიციის ლიდერი ფრიდრიხ მერცი. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ბერბელ ბასმა ასევე გამოაცხადეს, რომ კიევში ჩასვლას აპირებენ.

XS
SM
MD
LG