Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი ითხოვს მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას


ევროპის პარლამენტი
ევროპის პარლამენტი

ევროპის პარლამენტმა 5 მაისს განიხილა და მიიღო მოლდოვის თაობაზე რეზოლუცია, რომლის ტექსტი სრულად უჭერს მხარს კიშინიოვის განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე.

რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუციებს, მოლდოვას მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“.

ევროპარლამენტი ევროპის კომისიას მოუწოდებს, „რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს შეფასება და ამ პროცესში სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს მოლდოვას“.

ამავე დროს ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ეჭვგარეშეა, მოლდოვის ხელისუფლება სწორ გზას ადგას, მათ გაატარეს საკვანძო რეფორმები, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში.“ დოკუმენტის თანახმად, ეს უზრუნველყოფს ქვეყნის შესაბამისობას კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან, რომლებსაც უნდა უპასუხებდნენ ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნები.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „ისევე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა იმედის საკვანძო ელემენტია, რომელიც მორალურად გაამყარებს მოლდოვის მოსახლეობას ამ არასტაბილურობისა და მატერიალური სირთულეების პერიოდში“.

როგორც რეზოლუციის ინიციატორმა, ევროპარლამენტარმა ზიგფრიდ მურეშანმა აღნიშნა, მოლდოვა ისევე მნიშვნელოვანია ევროპის კავშირის უსაფრთხოებისთვის, როგორც უკრაინა.

„უკანასკნელ თვეებში ამას მთელი ევროპა ხედავდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მოლდოვის ხელისუფლება და მოქალაქეები ევროპული სულისკვეთებით მოქმედებდნენ და საკვებით, თავშესაფრითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფდნენ ასიათასობით უკრაინელ ლტოლვილს, რომლებიც ომს გამოექცნენ. ამიტომ, ჩემი მიზანი თავიდანვე იყო ის, რომ ყველაფერი, რასაც ევროპის პარლამენტი სთავაზობს უკრაინას ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ასევე შეთავაზებულ იქნეს მოლდოვისთვისაც“, - აღნიშნა ევროპარლამენტის დეპუტატმა.

დებატებზე ევროკომისარმა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, თქვა, რომ ევროპის კომისია ამჟამად „დაჩქარებული ტემპებით“ შეისწავლის პასუხებს კითხვარზე, რომელიც მოლდოვამ შეავსო და რომლის საფუძველზეც ის ევროპულ საბჭოს მისცემს რეკომენდაციას.

უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი მარტის დამდეგს გააგზავნეს, რის შემდეგაც ევროკომისიისგან მიიღეს კანდიდატის წევრობის კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკავშირი გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა ამ ქვეყნებს წევრობის კანდიდატის სტატუსი.

XS
SM
MD
LG