Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხი მინისტრი: შევეცდებით მოვძებნოთ კომპრომისი, რომელიც უკრაინის წევრობისკენ სწრაფად წაგვწევს წინ


ჩეხეთის რესპუბლიკის ევროპის საქმეთა მინისტრი მიკულაშ ბეკი. თბილისი, 14 აპრილი, 2022 წელი
ჩეხეთის რესპუბლიკის ევროპის საქმეთა მინისტრი მიკულაშ ბეკი. თბილისი, 14 აპრილი, 2022 წელი

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენი დასავლელი მეგობრები ევროპაში, დასთანხმდნენ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - უთხრა 6 მაისს რადიო თავისუფლებას ჩეხეთის რესპუბლიკის ევროპის საქმეთა მინისტრმა, მიკულაშ ბეკმა. ჩეხეთი წელს, საფრანგეთის შემდეგ, ივლისიდან დეკემბრამდე იქნება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა.

რადიო თავისუფლებამ ბეკს ჰკითხა უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს მხრიდან ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთებისა და იმ მოლოდინის შესახებ, რომლის მიხედვითაც ევროკომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, სულ მცირე, უკრაინის თაობაზე ივნისისთვის ან ჩეხეთის თავმჯდომარეობის პერიოდში.

ბეკმა ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის უკრაინისთვის წევრობის სტატუსის მინიჭების შესახებ კონსენსუსის საკითხზე განაცხადა, რომ რთული დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ აშკარაა, რომ ევროპის ცნობიერებაში გარკვეული ცვლილებებია. ჩეხი მინისტრი ამბობს, რომ ცდილობენ, რაციონალურად დაარწმუნონ ევროპელი პარტნიორები იმაში, რომ აუცილებელია უკრაინას მიეცეს პერსპექტივა, მომავალი, რომელიც უსაფრთხო იქნება და ამ ქვეყანას ექნება ხიბლი იმისა, რომ დევნილები დაბრუნდნენ. ამ მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ - თქვა მიკულაშ ბეკმა. რაც შეეხება ვადებს, მან ზუსტად არ იცის, როდის მოხერხდება ეს, მაგრამ აცხადებს, რომ „თუ წარმატებას მივაღწევთ ჩეხეთის პრეზიდენტობის პერიოდში, ეს იქნება დიდი წარმატება უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის“.

ყველა შემთხვევისთვის, შევეცდებით მოიძებნოს კომპრომისი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს უკრაინის წევრობის საქმე სწრაფად წავწიოთ წინ - ამბობს ბეკი ინტერვიუში. მისი თქმით, ევროპის გაფართოებას ბევრი სკეპტიკოსი ჰყავს და მათ რიგებში საფრანგეთთან ერთად არიან გერმანია, ნიდერლანდი და სხვა დასავლეთევროპული ქვეყნები. თუმცა ბეკი მიიჩნევს, რომ არსებობს სივრცე მათთან ღია დისკუსიისთვის, რომელსაც შეუძლია მათი აზრის შეცვლა.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, იქნება თუ არა უკრაინა ევროკავშირში წვრობის ოფიციალური კანდიდატი ჩეხეთის მორიგე თავმჯდომარეობის ბოლოსთვის, ბეკი ამბობს, რომ მას ეს სურს, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორ იქნება წარმოდგენილი მედიაში ვითარება უკრაინაში.

„ბოლო რამდენიმე თვეში ჩვენ ვიყავით მოწმე იმისა, თუ საზოგადოების და მასმედიის საშუალებების მხრიდან ზეწოლამ როგორ შეცვალა ევროპაში ზოგიერთი პოლიტიკოსის აზროვნება. მედია მართლაც დიდ როლს თამაშობს პოლიტიკოსების აზროვნებაში ცვლილებების პროცესში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიკულაშ ბეკმა, რომლის თანახმად, ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარეობის დროს ჩეხეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება უკრაინისთვის არსებითი ეკონომიკური დახმარების გაწევის გარშემო ღია დებატები.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შეტანის პროცესი დაჩქარდა. განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო. საქართველოსთან ერთად, 3 მარტს, წევრობის განაცხადი გააგზავნა მოლდოვამ, მანამდე, 28 თებერვალს - უკრაინამ. სამივე ქვეყანამ კითხვარების პირველ ნაწილზე პასუხები ევროკავშირს უკვე ჩააბარა.

XS
SM
MD
LG