Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი აცხადებს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე  დასასწრებად მიწვევა მიიღო


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე, არქივის ფოტო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე, არქივის ფოტო

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია"-ს წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს გააცნო სააკაშვილის პასუხი „ევროპის სახალხო პარტიის" წერილზე.

„დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, „სახალხო პარტიის" სახელით, რომელსაც აქვს დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში, ყველა დონეზე. მოწვევა მაქვს მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს. ისინი მთავაზობენ ჩასვლას და სიტყვით გამოსვლას. მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ მათ ყრილობაზე. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველო, და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია. არ ვიცი ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების, მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის", - წაიკითხა ხერხეულიძემ ყოფილი პრეზიდენტის წერილი.

დონალდ ტუსკის წერილი „ფეისბუკზე", მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს.

"ევროპის სახალხო პარტია", რომლის წევრიც არის "ნაციონალური მოძრაობა", შეშფოთებულია პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ინფორმაციით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს მიხეილ სააკაშვილს. ამ შინაარსის განცხადება პარტიამ 5 მაისს გაავრცელა.

განცხადებაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით "ევროპის სახალხო პარტია" ეყრდნობა საქართველოს სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, პატიმარს ცილოვანი შიმშილი აქვს. ამავდროულად, პარტია ცილისმწამებლურ თავდასხმებად აფასებს მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან ომბუდსმენის, ექიმებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გამოთქმულ შეფასებებს.

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და მისი მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს რუსთავში, საპატიმრო დაწესებულებასთან. აქციის მონაწილეები თბილისიდან, პარტიის ცენტრალური ოფისიდან, ავტოკოლონით ჩავიდნენ რუსთავში.

რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ლევან ხაბეიშვილმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თქვა, რომ პოლონეთი არის მზად, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი და გაუწიოს მას ის სამედიცინო დახმარება, რომელიც სჭირდება.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

XS
SM
MD
LG