ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰიი გაიდაის ცნობით, ლუგანსკის ოლქში, ბელოგოროვკის სკოლაზე რუსი სამხედროების ავიაიერიშს, სავარაუდოდ, 60 ადამიანი ემსხვერპლა.
გაიდაი ინფორმაციას საკუთარ Telegram-არხზე ავრცელებს.
ბელოგოროვკის სკოლაზე იერიში რუსეთის საჰაერო ძალებმა 7 მაისს მიიტანეს. იქ გაჩენილ ხანძარს თითქმის 4 საათის განმავლობაში აქრობდნენ. გაიდაი წერს, რომ ნანგრევებიდან 30 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 7 - დაშავდა. შენობის ნანგრევებში დარჩენილი 60-ვე ადამიანი, სავარაუდოდ, დაიღუპა.
„აი, ეს არის „რუსული სამყაროს“ ნამდვილი სისასტიკე - სკოლაში არსებული თავშესაფრის ცინიკური დაბომბვა, ბავშვების მკვლელობა. რუსებს არ აინტერესებთ, ვის მოკლავენ. არ შეიძლება სამხედრომ მოკლას დაუცველი ბავშვი“, - აცხადებს გაიდაი.
სოფელ ბელოგოროვკის სკოლის სარდაფს თავს 90-მდე ადამიანი აფარებდა, მათ ევაკუაცია ვერ მოასწრეს.
სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, თავიდან ოკუპანტები ადგილობრივ კულტურის სახლს ბომბავდნენ, ადამიანებს აღარ დარჩათ თავშესაფარი, ამიტომ ისინი სკოლის შენობაში გადავიდნენ.
დაწერეთ კომენტარი