Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბოროტება ვერ დაიმალება ბუნკერში“


ვოლოდიმირ ზელენსკი, კადრი 8 მაისს გავრცელებული ვიდეომიმართვიდან
ვოლოდიმირ ზელენსკი, კადრი 8 მაისს გავრცელებული ვიდეომიმართვიდან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაწერა სპეციალური მიმართვა ხსოვნისა და შერიგების დღისთვის, რომელიც უკრაინაში 8 მაისს აღინიშნება. შავ-თეთრი ვიდეო კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში დანგრეული და დამწვარი სახლების ფონზეა გადაღებული და ასე იწყება:

"შეიძლება თუ არა გაზაფხული შავ-თეთრი გახდეს? სამწუხაროდ, კი“.

მისი თქმით, სიტყვა „აღარასდროს“, რომელიც ხშირად ისმის მეორე მსოფლიო ომთან მიმართებით, ახლა უკრაინელებისთვის სხვანაირად ჟღერს – „ძახილის გარეშე, მაგრამ კითხვის ნიშნით“.

„24 თებერვალს სიტყვა „აღარასოდეს“ წაშალეს. გვესროდნენ და გვბომბავდნენ ასობით რაკეტით დილის 4 საათზე, რომელმაც მთელი უკრაინა გამოაფხიზლა. საშინელი აფეთქებების ხმა გავიგეთ. გავიგეთ: ისევ. სიტყვა "არასოდეს“... მათ მოკლეს სიტყვა „აღარასდროს“ და თქვეს: "ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ“, - ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ასევე განაცხადა, რომ „ვერცერთი ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ვერ დაიმალება ბუნკერში“.

აღნიშნა, რომ ყველა პატივს სცემს მათ, ვინც იცავდა სამშობლოს და სამყაროს ნაციზმისაგან. რომ მეორე მსოფლიო ომში ჯარისკაცები იმისთვის დაიღუპნენ, რათა ფაშისტური საშინელებები არ განმეორებულიყო, მაგრამ „ეს სხვაგვარად მოხდა და ეს უსამართლოა ყველას მიმართ“.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას სჯერა, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და უკრაინა ყველაფერს დასძლევს:

„ჩვენი სამხედროები, მთელი ჩვენი ხალხი, მათი შთამომავლები, ვინც დაამარცხა ნაციზმი, კვლავ გაიმარჯვებენ“.

მარადიული პატივი ყველას, ვინც ნაციზმს ეწინააღმდეგებოდა! მარადიული ხსოვნა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულებს!" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დროშა ისევ აღიმართება დროებით ოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG