ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა, ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი - განუცხადა ჟურნალისტებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. მან პარტია „ნიხასის“ ლიდერს, ალან გაგლოევს წარმატებული მუშაობა უსურვა.
”მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ მას ყველაფერი გამოუვა“, - თქვა ბიბილოვმა.
მან დე ფაქტო რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს სამოქალაქო მოვალეობის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მე მოხარული ვარ, რომ ანატოლი ბიბილოვმა ხალხის გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ალან გაგლოევმა, რომელიც ცხინვალის თეატრალურ მოედანზე მომხრეებთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავს. მისი თქმით, ინაუგურაციამდე პრეზიდენტის მოვალეობას ბიბილოვი შეასრულებს და ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს ის ჩაიბარებს.
კვირას საღამოს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის მიმდინარეობის შესახებ პირველი მონაცემები გამოაქვეყნა. ოქმების 18%-ის დათვლის წინასწარი შედეგებით, ალან გაგლოევი იმარჯვებს, - ამის შესახებ ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელმა ემილია გაგიევამ ცესკოს პრესცენტრში განაცხადა.
„ოქმების 18%-ის დამუშავების მიხედვით: ანატოლი ბიბილოვი აგროვებს 2274 ხმას (37%), ალან გაგლოევი 3686 ხმას (59,22%), ყველას წინააღმდეგაა 236 ხმა (3,79%)“, - განაცხადა მან.