Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი 9 მაისზე: გავიმარჯვეთ მაშინაც, გავიმარჯვებთ ახლაც!


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი, 9 მაისისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვა კიევის მთავარ ქუჩაზე, დაცარიელებულ ხრეშჩატიკზე ჩაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი, 9 მაისისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვა კიევის მთავარ ქუჩაზე, დაცარიელებულ ხრეშჩატიკზე ჩაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მოქალაქეებს მიულოცა 9 მაისი - ნაციზმზე გამარჯვების დღე და განაცხადა, რომ ამ გამარჯვების ანექსირების და მითვისების უფლებას არავის მისცემენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკი გადაღებულია კიევის დაცარიელებულ მთავარ ქუჩაზე, ხრეშჩატიკზე.

„ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, ესე იგი, გავიმარჯვებთ. არასდროს დავივიწყებთ, რა გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც 8 მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. მალე უკრაინაში იქნება ორი გამარჯვების დღე და ვიღაცას არ დარჩება არც ერთი“, - ამბობს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, გაიმარჯვეს მაშინაც, გაიმარჯვებენ ახლაც და ხრეშჩატიკი ნახავს უკრაინის გამარჯვება-გამარჯვების აღლუმს.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

დღეს, 9 მაისს რუსეთი აღნიშნავს "დიდ სამამულო ომში" გამარჯვების 77-ე წლისთავს. მოსკოვში, წითელ მოედანზე გაიმართება აღლუმი, რომელშიც, კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებს 11 ათასი სამხედრო. წითელ მოედანზე სიტყვით გამოვა პრეზიდენტი პუტინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG