Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, გამოდის "პოლიტიკური გაერთიანების" იდეით მსურველი ქვეყნებისთვის


ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი
ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის ევროკავშირში ოფიციალურად გაწევრიანებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს. მაკრონი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ.

9 მაისს სტრასბურგში გამოსვლისას მაკრონმა თქვა, ამჟამინდელი წესებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ნიშნავს, რომ მას, შესაძლოა, წლები დასჭირდესო. მაშინაც კი, თუკი კანდიდატის სტატუსი ხვალ გაიცემა, "ყველამ კარგად ვიცით, რომ პროცესი, რომელიც გაწევრიანებას გახდის შესაძლებელს, წლები გაგრძელდება, შესაძლოა, რამდენიმე ათწლეულიც", - აღნიშნა მაკრონმა.

მაკრონის ამ განცხადებებამდე ევროკომისიამ თქვა, რომ ივნისში გეგმავს პირველი შეფასების წარდგენას უკრაინის თხოვნაზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ერთიან პოზიციაზეა უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, თუმცა ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ევროკავშირი მოქმედებას უკრაინის გასაწევრიანებლად.

პროცედურის დაჩქარებას შესაძლოა, სტანდარტების დაწევა მოჰყვეს, თქვა მაკრონმა და ამის ნაცვლად გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას პარალელური გაერთიანება, რომელიც მიიზიდავდა ბლოკში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს. მაკრონის თქმით, ეს "ევროპული პოლიტიკური გაერთიანება" ღია იქნება ევროპის დემოკრატიული ქვეყნებისთვის, რომლებიც იზიარებენ ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG