Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში" გადაყვანას შესთავაზებენ


მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესების პრევენციის მიზნით, კლინიკა "ვივამედში" გადაყვანას შესთავაზებენ. ამის თაობაზე რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ის შერჩევით იღებს მხოლოდ მედიკამენტების ნაწილს, რითაც ფაქტობრივად უარს ამბობს, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულფასოვან მკურნალობაზე. ასევე იგი საკვებსაც იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და, ბუნებრივია, ამით ის საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა "ვივამედში", სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ მათ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

პარლამენტის დღევანდელ, 10 მაისის პლენარულ სხდომაზე, ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის დეპუტატებს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საპატიმროში საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტები შეეშვათ.

"მოგიწოდებთ, დაუშვით საერთაშორისო ექსპერტები ციხეში, მეორე - მაღალი რეპუტაციის მქონე კლინიკებიდან, საერთაშორისო ექიმები უნდა შევიდნენ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გუშინ, 9 მაისს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათი განცხადებით, სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდებოდა საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG