გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება უკრაინაში, 10 მაისს ქალაქ ბუჩაში ჩავიდა, სადაც რუსეთის ჯარებს ბრალად ედებათ ომის დანაშაულის ჩადენა.
გერმანელი მინისტრის 10 მაისის მოგზაურობის შესახებ რამდენიმე დასავლურმა საინფორმაციო სააგენტომ აღნიშნა, რომ ბერბოკი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც კიევს ეწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვლის ბოლოს უკრაინაზე არაპროვოცირებული შეტევა დაიწყო.
რუსეთის ჯარების მიერ უკან დახევის შემდეგ, ბუჩასა და კიევის მახლობლად მდებარე სხვა ქალაქებში გამოვლინდა სასტიკი მკვლელობებისა და წამების ფაქტები.
უკრაინის პოლიციამ განაცხადა, რომ ბუჩაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მათივე ინფორმაციით, დახოცილთა ნაწილს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული.
რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსეთის ჯარები არ ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინაში, ხოლო ბუჩაში გადაღებული ვიდეოები არის დადგმული და დასავლეთის მიერ ახალი სანქციების გამართლებას და სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას ემსახურება.
მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.
"დაასრულეთ ეს ომი, დაასრულეთ უაზრო ხოცვა, გაიყვანეთ ჯარები უკრაინიდან", - თქვა მან 2 მაისს ბერლინში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ.
შოლცის თქმით, პუტინი ვერ იხილავს სანქციების მოხსნას უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გარეშე და მიზანი უნდა იყოს ის, რომ რუსეთის მზაობას, ძალა გამოიყენოს, არ მოჰყვეს წარმატება.