ლიეტუვის პარლამენტის წევრებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ მიიჩნევს და უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრას უწოდებს „გენოციდს უკრაინელი ხალხის“ წინააღმდეგ.
10 მაისის რეზოლუციით კანონმდებლები მოითხოვენ შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, რომელიც გაასამართლებს რუს ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებაში. ის უნდა იყოს ნიურნბერგის სასამართლოს მსგავსი, რომელზეც ნაცისტური გერმანიის წარმომადგენლები გაასამართლეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
„რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალები განზრახ და სისტემატურად დასაბომბად სამიზნეში იღებენ სამოქალაქო ობიექტებს, არის სახელმწიფო, რომელიც მიმართავს ტერორისტულ აქტებს“, - ნათქვამია ლიეტუვის პარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ადარებს საბჭოთა დიქტატორს, იოსებ სტალინს და თანამედროვე რუსეთს საბჭოთა კავშირის „რეინკარნაციას“ უწოდებს.
რეზოლუცია მოუწოდებს „გაეროს, ევროპის პარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, უცხოეთის სახელმწიფოების პარლამენტებს და მთავრობებს, აღიარონ და სამართლებრივ პასუხისგებას გადაეცეს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი გენოციდი, ომის დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“.