Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი ირაკლი კობახიძეზე: უსარგებლოა უსაფუძვლო კომენტარები


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარი დამაბნეველია. ასე გამოეხმაურა დეგნანი კობახიძის 10 მაისის განცხადებას, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას პოლიტიკურ შანტაჟსა და საქართველოს ომში ჩართვის სურვილს უკავშირებდა.

"კრედიტ სვისთან" დაკავშირებული შეკითხვა ჯობს "კრედიტ სვისს" დაუსვათ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, კერძო კომპანიაა და არ ვიცი და არ მაქვს ინფორმაცია, რა ხდება "კრედიტ სვისში"... ძალიან უსარგებლოა უსაფუძვლო კომენტარები ნათქვამი იმგვარად, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს. ეს არის ერთგვარი დეზინფორმაცია, რომელსაც მოაქვს დაბნეულობა და საბოლოოდ, ხალხის დაყოფა. ახლა ის დროა, როცა საქართველოს გაერთიანება ესაჭიროება და არა დაყოფა. ახლა ერთობის დროა. მე დამაბნია ამ კომენტარის შინაარსმა და ვერ განგიმარტავთ, უკაცრავად", - თქვა აშშ-ის ელჩმა.

10 მაისს კობახიძეს ჟურნალისტებმა სთხოვეს "ქართული ოცნების" მიმართ პოზიტიურად განწყობილი ექსპერტის, ხათუნა ხოფერიას იმ ფეისბუკპოსტის შეფასება, რომელშიც საუბარი იყო ივანიშვილისთვის შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვების შეზღუდვის კავშირზე აშშ-სთან. ამ საკითხზე კობახიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"მე ამ დეტალებში ვერ შევალ. კონკრეტულმა ადამიანმა თავისი აზრი გამოაქვეყნა ამასთან დაკავშირებით. იქ საუბარი იყო რაზე, როდესაც ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას აფერხებ, როდესაც ასეთ გადარიცხვას რამდენიმე საათი სჭირდება და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელ საბანკო სისტემის რეპუტაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე, ხომ არ არის ეს შანტაჟი?

მით უმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული. [თუ] ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, ესე იგი, ისინი კარგად არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. თუ აქვთ ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ ვინმეს ქვეყანას გაანადგურებს, მათ არ სცოდნიათ კარგად მისი ხასიათი".

6 მაისს ბიძინა ივანიშვილის დაქირავებულმა PR კომპანია Cision-მა განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყებოდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთ სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის - Credit Suisse-ის წინააღმდეგ. კერძოდ, მიზეზი ის იყო, რომ ამ შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხდა და ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო.

PR კომპანია აცხადებს, რომ 4 მარტს მოთხოვნილ გადარიცხვასთან დაკავშირებით თანხმობა ერთი თვის თავზე, 4 აპრილს გაიცა, ოფიციალურ დასაბუთებაში კი მიზეზად "გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში" იყო მითითებული.

"ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან", - ეწერა Cision-ის განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომლის მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი, იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG