Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი მიიჩნევს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ გეგმავს კიევის ხელში ჩაგდებას


ანტისატანკო "ზღარბები" კიევში
ანტისატანკო "ზღარბები" კიევში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მიიჩნევს, რომ რუსეთი მომავალში გეგმავს კიევის ხელში ჩაგდებას, ახალი სახელმწიფო ერთეულის შექმნას და რუსეთის ფედერაციაში მის შეყვანას.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ალექსეი გრომოვმა, ოთხშაბათს მედიაცენტრ "უკრაინაში" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მოწინააღმდეგის სავარაუდო თანამიმდევრულ მოქმედებებს ჩვენ განვიხილავთ, როგორც მცდელობას, დაამყაროს კონტროლი ოდესის, მიკოლაევისა და ნაწილობრივ ზაპოროჟიეს ოლქებზე, შექმნას სახმელეთო დერეფანი მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში, ხელთ იგდოს ცენტრალური უკრაინის ტერიტორია, დაეუფლოს კიევს, მოახდინოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების ინსცენირება და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოიყვანოს პრორუსული ძალა, შექმნას ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი და შეიყვანოს ის რუსეთის შემადგენლობაში", - განაცხადა ალექსეი გრომოვმა და დასძინა, რომ რუსეთის ამ სტრატეგიულ გეგმაზე უკრაინა პასუხს გასცემს.

17 აპრილს კიევი საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ჟირნოვმა განაცხადა, რომ საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია ემზადება რუსეთის ყველა შესაძლო სცენარის, მათ შორის, კიევის ხელმეორედ ხელში ჩაგდების მცდელობის მოსაგერიებლად.

მანამდე არც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გამორიცხა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ შეეცდებიან დედაქალაქის ხელში ჩაგდებას.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG