Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა უარყვეს „აზოვის“ მებრძოლთა ექსტრაქციის წინადადება


"აზოვის" ერთ-ერთო მებრძოლი, რომელიც სხვებთან ერთად "აზოვსტალის" ტერიტორიაზე უმძიმეს პირობებში იმყოფება
"აზოვის" ერთ-ერთო მებრძოლი, რომელიც სხვებთან ერთად "აზოვსტალის" ტერიტორიაზე უმძიმეს პირობებში იმყოფება

უკრაინული გამოცემა "ევროპეისკა პრავდას" ცნობით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერმა, დენის პუშილინმა უარი თქვა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ალყაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების ექსტრაქციის წინადადებაზე და დაადასტურა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ მარიუპოლში მდებარე მეტალურგიული ქარხნის ხელში ჩაგდების ოპერაციას.

„იქ უკვე ყველაფერი გეგმურად მიმდინარეობს, ყველაფერი გასაგებია. სამოქალაქოები აღარ არიან, ამიტომ ჩვენ ქვედანაყოფებს შეუძლიათ ცივი გონებით და სწორი გათვლებით ვითარება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანონ...რატომ გადაწყვიტეს უეცრად, რომ იმაზე, რაც ჩვენ და რუსეთს გვეხება, გარე ძალებმა უნდა მიაქციონ ყურადღება? მე მხედველობაში მაქვს ეს ისტერია ყოველგვარ ამ ექსტრაქციაზე“, - უთხრა პუშილინმა გამოცემა „ნოვოსტი დონბასას“ და დასძინა, რომ არავითარი "საპატიო კაპიტულაცია" არ იქნება, არამედ „აზოვსტალის“ დამცველებმა იარაღი უნდა დაყარონ და შემდეგ უკვე ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ.

ექსფილტრაცია ან ექსტრაქცია არის მტრული გარემოდან პერსონალის (სამხედრო, სამოქალაქო) უსაფრთხო ზონაში გადაადგილების ტაქტიკა იმ პირობებში, როდესაც არსებობს ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვისა და ადამიანების დაღუპვის საფრთხე.
უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინა რუსეთს სთავაზობს, რომ ჰუმანიტარული დერეფნით, "აზოვსტალიდან“ გაიყვანენ მძიმედ დაჭრილ მებრძოლებს და სანაცვლოდ, სამხედრო ტყვეთა გაცვლის სტანდარტული წესების დაცვით გადასცემენ ტყვედ აყვანილ რუსებს.

ვითარება უკიდურესად მძიმეა მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, კომბინატ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე, რომელსაც ორ თვეზე მეტია იცავენ უკრაინელი მებრძოლები პოლკ "აზოვიდან" და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადიდან. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა.

მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე რჩება ასეულობით დაჭრილი სამხედრო და დაღუპულთა გვამები. რუსეთი "აზოვსტალის" დამცველებისგან მოითხოვს იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებიან.

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქცია უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, მარტის დასაწყისში. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურებულია და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG