Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელმა სენატორმა დაბლოკა უკრაინისთვის 40 მილიარდის დაჩქარებულად გამოყოფა

ფოტო არქივიდან: რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი
ფოტო არქივიდან: რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ვერ შეძლო დაჩქარებული წესით მიეღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ხარჯებისთვის.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება დაბლოკა რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა. მან მოითხოვა, რომ კანონპროექტს დაემატოს პუნქტი და სპეციალურმა ინსპექტორმა მეთვალყურეობა გაუწიოს უკრაინისთვის გამოყოფილი 40 მილიარდის ხარჯვას. სენატორ პოლს შესთავაზეს, რომ მისი წინადადება კანონპროექტისთვის ცალკე შესწორებად დაემატებინათ, რასაც არ დასთანხმდა. რენდ პოლი მოითხოვს, რომ ინიციატივა კანონპროექტში აისახოს დოკუმენტის დამტკიცებამდე.

რენდ პოლი სენატში კენტუკის შტატს წარმოადგენს, ისევე, როგორც სენატში რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი. მან რენდ პოლი დაადანაშაულა იმაში, რომ უკრაინის დახმარება არ სურს.

კანონპროექტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ, 10 მაისს დაამტკიცა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ. პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერამდე კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროს სენატმაც, რომელიც პროცედურის სწრაფად დასრულებას ამ კვირაშივე გეგმავდა. სენატორ რენდ პოლის პოზიციის გამო, კენჭისყრა რამდენიმე დღით გადაიდო.

9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ორპარტიულ ინიციატივას და აღადგინა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის "ლენდ-ლიზის" პროგრამა, რომელმაც ხელი შეუწყო ნაცისტური გერმანიის დამარცხებას.

XS
SM
MD
LG