Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ნადირაძე-კუზანოვა მიხეილ სააკაშვილის შესახებ: პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში


კლინიკა „ვივამედის" დირექტორი ნინო ნადირაძე-კუზანოვა
კლინიკა „ვივამედის" დირექტორი ნინო ნადირაძე-კუზანოვა

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 12 მაისს სწორედ „ვივამედში“ გადაიყვანეს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილი.

„ერთს გეტყვით, პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში“, - თქვა ნადირაძე-კუზანოვამ. შეკითხვაზე, რომელი პროფილის ექიმები მონაწილეობენ სააკაშვილის მკურნალობაში, მან უპასუხა: „ამ ყველაფერს თქვენ გაეცნობით, როდესაც ყველაფერი იქნება თავმოყრილი.“

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, რომელმაც შვილი „ვივამედში“ 12 მაისს მოინახულა, თქვა, რომ მას ცხრა დიაგნოზი აქვს დასმული და ყველა მათგანი არის მძიმე. როგორც ალასანიამ შენიშნა, მან კლინიკაში გაიგო, რომ „არ ჰქონიათ შემთხვევა, ასეთი პაციენტი ჰყოლოდათ“.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა ამ თემას ასე გამოეხმაურა: „ქალბატონმა გიულიმ რა თქვა, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი კლინიკის კედლებს ახსოვს და დღესაც გვყავს საკმაოდ მძიმე პაციენტები, სხვადასხვა ნოზოლოგიის. ჩვენთვის უცხო არ არის არცერთი, ასე ვთქვათ, დაავადების მკურნალობა.“ კლინიკის ხელმძღვანელი ვერ ასახელებს, რა ვადა დასჭირდება მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის ჩატარებას. „კვლევის პროცესშია ბატონი მიხეილი“, - დაამატა მან.

ნინო ნადირაძე-კუზანოვას ასევე ჰკითხეს, სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს რატომ არ აწვდიან ზუსტ ინფორმაციას პაციენტის მდგომარეობის შესახებ. „მე ვაგებ პასუხს ჩემი კლინიკის ლიცენზირებულ, მაღალკვალიფიცირებულ ექიმებზე, დანარჩენზე პასუხს ვეღარ გავცემ“, - თქვა მან.

რაც შეეხება კლინიკაში ნიკოლოზ ყიფშიძის არშეშვების საკითხს, ნადირაძე კუზანოვამ აღნიშნა: „არავის არაფრის აკრძალვა არ აქვს, ჩვენ ვმოქმედებთ კანონმდებლობის ჩარჩოებში“.

რეპლიკას იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე კლინიკასთან უშედეგოდ ელოდებოდა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, ნადირაძე-კუზანოვამ უპასუხა: „მე საერთოდ არ დამინახავს ნიკოლოზ ყიფშიძე“. ხოლო შეკითხვაზე, შეუშვებს თუ არა ნიკოლოზ ყიფშიძეს კლინიკაში? კლინიკის დირექტორმა აღნიშნა: „ბატონ ნიკოლოზ ყიფშიძეს არ ვიცნობ, იმედია, გავიცნობ და კარგი კომუნიკაცია გვექნება.“

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის ექიმებმა აპრილის ბოლოს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს, რომ ანორექსიის და დეპრესიის გამო, მისი მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროა დროული და კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ჯგუფის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, მხარდამჭერებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაიწყეს აქციები საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანის მოთხოვნით.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განმარტებით, კანონმდებლობა არ იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას.

10 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა. იმავე დღეს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, თუმცა, იმ პირობებით, რომ მასთან მუდმივად უშვებდნენ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს, ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიულ ექსპერტებს ცენტრ "ემპათიიდან"; ასევე სამუშაო საათებში მასთან შესვლის უფლება ჰქონდეთ ადვოკატებს და პარლამენტის წევრებს. პირობებს შორის იყო ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებულ ყველა გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და მკურნალობის შემდეგი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების განსაზღვრაში მონაწილეობა პარიტეტული შემადგენლობით ხდებოდეს, "ემპათიის" ჩართულობით და თანხმობის შემთხვევაში, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების მონაწილეობით.

11 მაისს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, დათქმების გარეშე ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისთვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით. იმავე დღეს, საპატიმროში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მედიას უთხრა, რომ ასეთ დროს არავითარ ვაჭრობას თუ წინაპირობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს და მთავარია, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედში” დროულად გადაიყვანონ.

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარე​ მრავალპროფილური​ კლინიკა „ვივამედი“ ერთ-ერთი სამედიცინო კლინიკაა, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, პატიმარი პაციენტები გადაჰყავს სამკურნალოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG