Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საელჩომ განმარტა, G7-ის ქვეყნების მინისტერიალს რატომ ესწრებოდნენ უკრაინის, მოლდოვის და ინდონეზიის წარმომადგენლები


„დიდი შვიდეულის"(G7) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც გერმანიაში მიმდინარეობს, ესწრებოდნენ ინდონეზიის, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრაზე მიწვეული არ ყოფილა საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელი.

საქართველოში გერმანიის საელჩომ რადიო თავისუფლებას ამ საკითხის შესახებ წერილობით განუმარტა: „ინდონეზია დიდი ოცეულის თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი კომენტარს არ აკეთებენ და გვირჩიეს, რომ გერმანიის საელჩოსთვის მიგვემართა.

მინისტერიალზე საქართველოს არმიწვევა უარყოფითად შეაფასეს ოპოზიციურმა პარტიებმა. „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „არ იყო მიწვეული საქართველოს ხელისუფლება. ეს, სამწუხაროდ, აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგების, რაც დგება ივანიშვილის კურსის შედეგად. ნდობა ამ რეჟიმის მიმართ, რომ ის ამ დაპირისპირებაში პუტინის რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის არის თავისუფალი სამყაროს მხარეს, არ არსებობს. მათი ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არ რჩება არავის და ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ტენდენცია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის პირდაპირი საფრთხის შემცველი და საფრთხის გამზრდელი საქართველოსთვის, ანუ ეს ვითარება პუტინის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის საფრთხეს ზრდის. საქართველო შეიძლება დარჩეს დაუცველი ახლო მომავალში ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად". გიგა ბოკერიას შეფასებით, „დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე საქართველოს არმიწვევა არის „ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი".

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მინისტერიალზე საქართველოს არმიწვევა კატასტროფად შეაფასა: „სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური, ანტიევროპული, ანტიამერიკული განცხადებების კეთება დაიწყო. ვეკითხები საზოგადოებას, არის თუ არა ეს დიდი თავის ტკივილი და დიდი ტრაგედია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის?! სამწუხაროდ, დიახ! როგორ უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი?! გასაღები არის მატყუარა ოცნებების პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში, რომელიც დასავლურ ინტეგრაციის გზას უფრო და უფრო გვაცილებს", - მიიჩნევს გიორგი ვაშაძე.

XS
SM
MD
LG