თათია ნიკოლაიშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გვითხრა, რომ სურდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის შეკითხვების დასმა, რომელსაც „რეგიონული ტურნეს“ ფარგლებში ოზურგეთში ელოდებოდნენ.
„მარტო ვიდექი, არც ბანერი მეჭირა, პრემიერის გამოჩენამდე მოვიდა ხუთი პოლიციელი, ალყაში მომაქციეს, ხელები გამიკავეს, 50 მეტრი მატარეს და ძალით ჩამტენეს პოლიციის მანქანაში. შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადამიყვანეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თათია ნიკოლაიშვილმა.
როგორც საკრებულოს წევრი გვიყვება, პოლიციაში დააყოვნეს და ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. „ოქმში ჩაწერეს, რომ არ დავემორჩილე“, - თქვა საკრებულოს წევრმა, რომელსაც შენობიდან გამოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ღონისძიება დამთავრებული დახვდა.
„TV პირველთან“ საუბარში ადგილზე მყოფმა პოლიციელმა სამართალდამცველთა ქმედება ასე განმარტა: „აქ არის სამთავრობო ღონისძიება, გვაქვს ინფორმაცია, რომ პროვოკაცია უნდა მოეწყო ამ ადამიანს და ამიტომ გავარიდეთ შემთხვევის ადგილს... გავარიდეთ ჯერ და დაკავება-არდაკავებაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“.
თათია ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მას არ უპასუხეს, „დაგეგმილ პროვოკაციაში“, რა იგულისხმებოდა. „ვერანაირი წესით ვერ ავხსენი, რატომ მომექცნენ ასე, - გვითხრა საკრებულოს დეპუტატმა და დაამატა, - შეკითხვის დასმის ეშინია პრემიერად წოდებულ ადამიანს, მიზანი იყო, რომ გავერიდებინე ტერიტორიას“.
ნიკოლაიშვილის განცხადებით, პოლიციაში მას უთხრეს, რომ მის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება და ამის შესახებ აცნობებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ თათია ნიკოლაიშვილი დაკავებული არ არის. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, საკრებულოს წევრს ედავებიან თუ არა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევას. შსს-დან პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.
დაწერეთ კომენტარი