იერუსალიმიდან AFP-ი და ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ შეტაკება მოხდა ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის, რომელთაც წმინდა იოსების საავადმყოფოდან ეკლესიაში უნდა გადაესვენებინათ ტელეარხ ალ-ჯაზირას მოკლული ჟურნალისტის კუბო.
გავრცელებულ კადრებზე ჩანს, კუბო ჟურნალისტის ცხედრით ლამის ძირს დავარდა, როცა პოლიცია შეკრებილების განდევნას ცდილობდა. საავადმყოფო იერუსალიმის ოკუპირებულ, აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფება.
ალ-ჯაზირას რეპორტიორი, 51 წლის შირინ აბუ აღლე, 11 მაისს გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. პალესტინელების პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ჟურნალისტის მოკვლაში ისრაელი დაადანაშაულა. მისი თქმით, საქმე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა, ბრალდება უარყო.