Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო საგარეო უწყებამ დახურა საერთაშორისო ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" პროექტი


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა

საერთაშორისო ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" პროექტი დახურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საქმე ეხება პროექტს, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებას ინკლუზიური განვითარების გზით. უწყებაში აცხადებენ, რომ უშიშროების სამსახურთან ერთად გამოვლინდა ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ პროექტის შესახებ მოწოდებულ მონაცემებსა და მის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებს შორის შეუსაბამობის შესახებ.

დე ფაქტო სამინისტრომ „სარწმუნო მონაცემების დამალვად“ შეაფასა ის, რომ შესაბამის სააგენტოში წარდგენილ კითხვარში არასრული ინფორმაცია იყო მითითებული, რაც პროექტის/პროგრამის დასამტკიცებლად წარსადგენი წესების დარღვევად მიიჩნიეს. კერძოდ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უკმაყოფილოა პროექტის იმ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს აფხაზი და ქართველი ახალგაზრდობის წარმომადგენლების ჩართვას კულტურათაშორის დიალოგში ერთობლივი ტრენინგებისა და სემინარების გზით მოლდოვაში, ავსტრიასა და სომხეთში.

„მსგავსი ინიციატივები წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა და მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული მიზნებისა და ამოცანების ხელშეწყობისაკენ“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი ინალ არძინბა 19 იანვარს აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ გარკვეული პროექტების განხორციელება აუკრძალა. World Vision-ის, DRC-ისა (დანიის ლტოლვილთა საბჭო) და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამის) ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არძინბამ თქვა, რომ მათთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის, ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

XS
SM
MD
LG