ბრიტანული სამხედრო დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა დაკარგა იმ სახმელეთო ძალების დაახლოებით მესამედი, რომლითაც 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.
ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რუსეთისა და უკრაინის სამხედრო პოტენციალის მორიგ შეფასებაში, რომელიც მიმდინარე ომის მსვლელობისას კეთდება.
რუსეთის საბრძოლო დანაკარგების ასეთი მაღალი შეფასება პირველად გამოქვეყნდა. ამასთან, გაუგებარია, ზარალის რა ნაწილია შეუქცევადი (დაღუპულები და დაჭრილები). უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსეთმა დაკარგა 20 000-ზე მეტი მოკლულის სახით. ბრძოლების მსვლელობისას ამ მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია. ღია წყაროების თანახმად, დადგენილია ათასზე მეტი მსხვერპლის სახელი. კრემლმა აღიარა რუსეთის "მნიშვნელოვანი დანაკარგები", თუმცა მონაცემები აღარ გამოუქვეყნებია 25 მარტის შემდეგ. მაშინ დაღუპული იყო 1300-ზე მეტი რუსი სამხედრო.
რუსეთის სამხედრო დაჯგუფება უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით 150 ათას ადამიანს ითვლიდა.
ბრიტანული დაზვერვა ასკვნის, რომ დანაკარგების ამჟამინდელი მაჩვენებლით და არსებული ლოგისტიკური პრობლემებით, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა დონბასში ნაკლებად მოსალოდნელია მომდევნო 30 დღის განმავლობაში. რუსეთის პროგრესი ბოლო ერთი თვის განმავლობაში შეფასებულია, როგორც მცირე.
უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ რუსეთის ჯარები აგრძელებენ შეტევის მცდელობებს დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების რიგ რაიონებში, კერძოდ, ადგილი აქვს ლიმანის, სევეროდონეცკის, ავდეევკისა და კურახოვოს აღების მცდელობებს. ამავდროულად, ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ იზიუმის მიმართულებით. მანამდე, უკრაინის კონტრშეტევის შედეგად, რუსეთის ჯარებმა დატოვეს ხარკოვის მახლობლად მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის საზღვართან მდებარე ერთ-ერთ უბანზე გავიდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბოლო დროს პრაქტიკულად არაფერს ამბობს ჯარების წინსვლის შესახებ. ბოლო დასახლება, რომლის აღების შესახებ ინფორმაცია შეტანილია რუსეთის გენშტაბის ცნობებში, ლუჰანსკის ოლქში მდებარე ქალაქი პოპასნაიაა. მისთვის ბრძოლა დაახლოებით ორი თვე გაგრძელდა. როგორც უკრაინელი, ასევე რამდენიმე რუსი კომენტატორი აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა დიდი დანაკარგები განიცადეს ბელოგოროვკის მახლობლად სევერსკი დონეცის ფორსირების მცდელობისას, თუმცა ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
• უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალები 24 თებერვალს შეიჭრნენ. რუსმა სამხედროებმა ყველაზე დიდ წარმატებას პირველ დღეებში მიაღწიეს. დაამყარეს კონტროლი ხერსონსა და სამხრეთ უკრაინის ტერიტორიების ნაწილზე, ასევე ლუგანსკის ოლქის უმეტეს ნაწილზე. შემდგომში რუსულმა ჯარებმა დატოვეს უკრაინის ჩრდილოეთი რეგიონები, ახლა კი ხარკოვის შემოგარენიც, ხოლო დონბასში მიმდინარე ბრძოლებმა გაჭიანურებული ხსიათი მიიღო.