Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთმა ოფიციალურად გამოაცხადა ნატოში გაწევრიანების განზრახვის შესახებ


ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე

ფინეთის მთავრობამ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ოფიციალურად გადაწყვიტა.

ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა და პრეზიდენტმა საული ნიინისტემ კვირას ჰელსინკიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ამის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, რაც უახლოეს დღეებში მოხდება.

უახლოეს მომავალში ნატო-ს წევრობისთვის შვედეთიც მიმართავს.

ფინეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნეიტრალური ქვეყანა გახდა და მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნა როგორც სსრკ-სთან, ასევე შემდეგ რუსეთთან, მაგრამ ნატოს ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პარტნიორ ქვეყნად ითვლება. შვედეთი 100 წელზე მეტია ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და არ მონაწილეობს მსოფლიო ომებში.

მაგრამ თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ორივე ქვეყნის ლიდერები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე დაფიქრდნენ. გამოკითხვების თანახმად, ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა ახლა მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას.

ფინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება რუსეთთან ომის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მარინმა ხაზი გაუსვა, რომ შეუძლებელი გახდა მოსკოვის ნდობა და ამიტომ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ფინეთი იძულებული გახდა არჩევანი ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ გაეკეთებინა.

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ შაბათს ტელეფონზე დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს და აცნობა მას, რომ ჰელსინკი უმოკლეს ხანში ნატო-ს წევრობაზე განაცხადს შეიტანს.

ფინეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ნიინისტეს ვლადიმირ პუტინისთვის უთქვამს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ქმედებებმა ფინეთი აიძულა, ყურადღება მიექცია თავისი უსაფრთხოებისთვის, ამიტომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პროცესი დაეწყო. სატელეფონო საუბარში, ფინეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჰელსინკი გააგრძელებს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას.

პუტინს ნიინისტესთან საუბარში აღუნიშნავს, რომ " ფინეთის მხრიდან სამხედრო ნეიტრალიტეტის ტრადიციულ პოლიტიკაზე უარის თქმა, არასწორი იქნება." ასევე რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ ფინეთის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება, ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინმა ასევე გააფრთხილა ნიინისტე, რომ ნატოში გაწევრიანებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG