Accessibility links

site logo site logo

ადვოკატები ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ


დიმიტრი საძაგლიშვილი, ადვოკატი

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ არა იმ იმედით, რომ განაჩენი შეიცვლება. ამის თაობაზე საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.

"სამართლებრივად, ჩვენ, ბუნებრივია, გავასაჩივრებთ. ოღონდ არა იმიტომ, რომ აპელაციაში გვაქვს იმის მოლოდინი, რომ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო დაგვხვდება, არა. უბრალოდ, ესენი ხომ არ იღებენ გადაწყვეტილებას, უბრალოდ აჟღერებენ. როგორც ჩხიკვაძეს (ლაშა ჩხიკვაძე, მოსამართლე. ავტ) არ ეყო დამოუკიდებლობა და გააჟღერა ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იგივე იქნება ზედა ინსტანციებშიც. მაგრამ, ჩვენ სამართლებრივად მაინც მოგვიწევს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მისი სიტყვებით, ამის სამართლებრივ შეფასებას აზრი არ აქვს.

ერთადერთი რამის თქმა მინდა საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი და ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კითხვაზე რა პასუხი გასცა საქართველოს ხელისუფლებამ, მწარედ ცდება. სინამდვილეში, ჩვენ ვნახეთ დღეს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული საკმაოდ აშკარა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. ჩვენმა კოლაბორაციონისტმა ხელისუფლებამ აირჩია რუსეთის მხარე, იმ გლობალურ ბრძოლაში, რაც ახლა მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ. დემოკრატიულ, დასავლურ სახელმწიფოებში კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორებს არ იჭერენ და არ დევნიან განსხვავებული აზრის გამო. ფაქტი არის სახეზე - ხელისუფლებისადმი მიუღებელი ყველა პირი ამ ქვეყანაში იდევნება და დღეს ამ დევნას ბეჭედი დაესვა, იმიტომ რომ მედიის წარმომადგენლების მიმართაც კი რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია იქნა აყვანილი პოლიტიკურ ტყვეობაში, მისი გათავისუფლებაც, ბუნებრივია, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ დღეს, 16 მაისს გამოცხადებული განაჩენით, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

მოსამართლე ჩხიკვაძემ გვარამიასთვის კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით(მითვისება, ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი დააკვალიფიცირა 220-ე მუხლით და ამ ნაწილში სასჯელად განუსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, გვარამია გამართლდა სამი სხვა მუხლით - 194-ე(უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), 221-ე(კომერციული მოსყიდვა) და 362-ე(ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება).

მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენიაც და მას სასჯელად შეუფარდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა. მოსამართლემ გაამართლა საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი.

საქართველოს პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის 2019 წლის ზაფხულში წარდგენილი ბრალი ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

ამავე საქმეზე, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია ბრალდებულია „წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში“. „ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორ ზურაბ იაშვილს ბრალად ედებოდა „კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება“.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გვარამიას აღკვეთის ზომად შეფარდებული ჰქონდა გირაო, 40 000 ლარი, ხოლო დამენიას და იაშვილს - 50 000-50 000. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 2022 წლის 11 მაისს დასრულდა.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმეში დანაშაულად არის მიჩნეული საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - ხელშეკრულების პირობების შეცვლა და მისაღები შემოსავლის განსაზღვრა, რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული და ბრალდების თანახმად, დანაშაულია, რომ დირექტორს შეეძლო კომპანიისთვის მეტი შემოსავლის მოტანა და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის ნოემბერში მიმართა „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით“, რომელშიც განხილული იყო აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა. ამ პრაქტიკის თანახმად, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. სახალხო დამცველის შეფასებით, დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ პატიმრობის განაჩენს და აცხადებს, რომ განაჩენი ნიკა გვარამიას დასჯას და ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებას ემსახურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG